"ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი უკვე დამღლელია"

რეგიონული განვითარების მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დეპუტატ ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებაზე საუბარი "უკვე დამღლელია".

“ქალბატონი ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე საუბარი და ამის დღის წესრიგში მუდმივად დაყენება. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამაზე გაეცა. მას ჰქონდა საშუალება გამოძიებისთვის მიეცა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში“, - განუცხადა ჟურნალისტებს მაია ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის კომენტარით გაოგნებულია ეკა ბესელია: 

"მოვისმინე ინფრასტრუქტურის მინისტრის კომენტარი, რომელიც სხვათა შორის, გამაოგნებელი იყო, განსაკუთრებით ქალისგან გაუგებელი კომენტარი იყო. მთავრობის წევრი და მით უმეტეს ქალი როდესაც აკეთებს ასეთ კომენტარს, შორს არ წავალ, მაგრამ ეს კომენტარი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც შეეხება მიზანს, გასაგებია, რომ თავის დროზე როცა ეს დანაშაული დაიგეგმა, მიზანი ალბათ იყო იმ პროცესებისგან დისტანცირება რასაც დაემთხვა, რასაც დაამთხვიეს ეს ქმედება. ეს იყო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენები. მოსამართლეთა სია, რომელიც მაშინ გავაჩერე და არ გამოვიტანე განსახილველად. ამას უკავშირდებოდა სწორედ ეს მოვლენა. კონკრეტულად კიდევ უფრო შორს რომ არ წავიდეთ, დღეს მგონია, მთავარ კითხვებზე უნდა გასცეს პასუხი საგამოძიებო ორგანომ და ეს პასუხი არ არის გაცემული”.

ცნობისთვის: ბესელიას განცხადებთ, მას გუნდის წევრები "ქართული ოცნებიდან" წასვლის წინ აფრთხილებდნენ ზეწოლა და მორალური ტერორის შესახებ. მოგვიანებით კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა და თითქმის ნახევარი წლის შემდეგაც არ არის პასუხი მთავარ კითხვაზე – ვინ გაავრცელა კადრები. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp