აქცია "სირცხვილია" შეცვლილი ფორმატით განახლდა

პარლამენტის წინ აქცია ახალი ფორმატით განახლდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურად, სიმბოლურ დროს, 20:20 საათზე დაიწყება გადაცემა "სირცხვილია", რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში მოხდება.

შოთა დიღმელაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, რომ მედია პლურალიზმის მიმართულებით ქვეყანაში ახალი პრობლემები იჩენს თავს, სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების წარდგენა კი ბევრი ადამიანის წინაშე უნდა მოხდეს, რომლის მიღწევის საშუალებაც მედიაა.

"ვაგრძელებთ ტელეფორმატით, გადაცემას ერქმევა „სირცხვილია,“ რომელიც გავა თითქმის ყოველდღე, სხვა დღეებში გვექნება ე.წ ფლი მარკეტები ან თემატური პანელები. სტრიმინგი გვექნება ყველა მედია არხზე, ჩვენგან არის ამის მცდელობა, ყველას ექნება შესაძლებლობა ლაივი გაუშვას, გადაცემის ფორმატში, სამი კამერით გადაღებული და დამონტაჟებული. ყოველდღე დაიწყება 20:20 საათზე, სიმბოლურად და ქრონომეტრაჟი იქნება ერთი საათი. ადამიანები, ვინც აქ მოვლენ იქნება დარბაზი, იქნება აუდიტორია, რომლებსაც შეეძლებათ გადაცემის სტუმრებთან დასვან კითხვები. ამით ეყრება საფუძველი ახალ მაუწყებლობას, ახალ მედია პროექტს, სექტემბერში ხალხმრავალი აქციებით გავაგრძელებთ. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რას იზამს," - ამბობს დიღმელაშვილი

ახალი მედია პროექტის ქრონომეტრაჟი 1 საათია. ეს ანტისაოკუპაციო აქციის 33-ე დღეა. აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp