შს მინისტრს რუსთაველზე, ვირტუალურ სტუდიაში იწვევენ: "ვაძლევთ გარანტიას, ბოთლებს არავის ესვრის"

შს მინისტრ გიორგი გახარიას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ ვირტუალურ სტუდიაში, საიდანაც გადაცემა "სირცხვილიას" უძვებიან ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები, იწვევენ. როგორც აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა გაგა მაქარავილმა განაცხადა, შს მინისტრს ვირტუალურ სტუდიაში ყოველ დღე მიიწვევენ და მისცემენ გარანტიას, რომ მასზე თავდასხმა არ განხორციელდება.

მაქარაშვილის თქმით, მიზნის მიღწევამდე, რასაც შს მინისტრის გადადგომა წარმოადგენს, გახარიამ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი და ჩამოაყალიბოს საკუთარი არგუმენტები, თუ რატომ რჩება თანამდებობაზე.   

"ვაპირებთ, რომ ყოველ დღე მივმართოთ აქედან [რუსთაველის გამზირიდან] და ვთხოვთ, მოვიდეს ვირტუალირ სტუდიაში, მივცემთ გარანტიას, რომ არავინ ესვრის ბოთლს, არავინ შეაგინებს, განსხვავებით მათგან, როგორც კონტრაქციებსაც აწყობენ, მათ შორის ჩვენც მგვიწყვეს. ეს სტუმარი არის გიორგი გახარია და ძალიან გულწრფელად გვინდა, კითხვებზე პასუხი ერთი–ერთზე მოვისმინოთ. ჩვენ გვაქვს უფლება, შევხვდეთ ადამიანს, რომელსაც საკმოად დიდ ხელფასს ვუხდით, საკმაოდ დიდი მანდატი მივეცით და რომლისაც აღარ გვჯერა. სანამ შედეგს მივაღწევთ, რომ შს მინისტრი გადადგება, როგორც მინიმუმ, მან უნდა გაგვცეს პასუხები, უნდა დაალაგოს არგუმენტები, რატომ არ ვართ მართლები და რატომ რჩება თანამდებობაზე",– განაცხადა მაქარაშვილმა. 

მისივე თქმით, პროტესტი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება, ხოლო ხელისუფლებას ყველგან, სადაც იქნებიან წარმოდგენილნი, შეუქმნიან დისკომფორტს მთავარი მოთხოვნის  – შს მინისტრის გადადგომის დაკმაყოფილებამდე. 

ცნობისთვის: პარლამენტის წინ აქცია ახალი ფორმატით განახლდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ყოველდღიურად, სიმბოლურ დროს, 20:20 საათზე დაიწყება გადაცემა "სირცხვილია", რომლის ტრანსლირებაც პირდაპირ ეთერში მოხდება.

ახალი მედიაპროექტის ქრონომეტრაჟი 1 საათია. ეს ანტისაოკუპაციო აქციის 33-ე დღეა. აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს