"უნდა დაიკითხოს ივანიშვილი, რომელიც ურცხვად აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს ეძინა და არაფერი არ იცოდა"

"გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველ რიგში მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს.

"მთავრი არის ერთი რამ, ნომერ პირველი ადამიანი, ვინც  20 ივნისის საქმეზე უნდა დაიკითხოს, არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ურცხვად აცხადებს, რომ თითქოს იმ ღამეს ეძინა და არაფერი არ იცოდა რა ხდებოდა. არავის არ სჯერა ამ ზღაპრების, მან მშვენივრად იცოდა რა ხდებოდა და მან გასცა ბრძანება აქციის დარბევის", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელსაც დღეს  20 ივნისის საქმეზე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოკითხავენ. 

კითხვაზე, არსებობს თუ არა ოქრუაშვილის დაპატიმრების ალბათობა, ოქრუაშვილმა შემდეგი განაცხადა:

"არ ვიცი, ვნახოთ, მაგათ თავში რა მოიხარშება მე ვერ გეტყვით, თუმცა აბსოლუტურად არაადეკვატურები რომ რიან, ეს ნათლად ჩანს".

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე და სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დასთანხმდა.

იხილეთ ასევე: შსს უგულავას, ოქრუაშვილსა და ბარამიძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"მთავარი არხი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს