ჩაქვის მაგისტრალზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილე: „ქობულეთის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღე გვაჯარიმებს“

ჩაქვის მაგისტრალზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ქობულეთის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღე აჯარიმებს. 

ჯარიმის მიზეზად ქალაქის იერსახის დამახინჯება სახელდება. დემონსტრანტების თქმით, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული მუხლით აჯარიმებენ და 50 ლარის ნაცვლად, 500 ლარის ოდენობის ჯარიმას უწერენ.

„ძველი კანონითაც პირველი დაჯარიმება უნდა ყოფილიყო 50 ლარის ოდენობის, მაგრამ გამოგვიწერეს 500 ლარი. იგივე მოვიდა მეორე დღის ჯარიმაში. როგორც ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნეს, ეს არის ზემდგომი პირების დავალება, რომელსაც ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან“, – აცხადებს აქციის მონაწილე მზია ქედელიძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ზედამხედველობის სამსახურს ყოველ ჯერზე უხსნიან, რომ 150-ე მუხლის პირველი პუნქტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი.

„ყოველ დღე ვატარებთ ე.წ. ბანერების აქციას სხვადასხვა ლოკაციაზე. ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე ქობულეთის ზედამხედველობის სამსახური ყოველდღე გვაჯარიმებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენ ვუხსნით, რომ ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი  საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი და მათ უფლება არ აქვთ დაგვაჯარიმონ“, –  აცხადებს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატმა მოკვლევა უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"