"გამოგზავნილ დოკუმენტში სტრასბურგი წერს, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა"

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს.  ამის შესახებ გვარამია სოციალურ ქსელში წერს და იუსტიციის სამინისტროს მიმართავს:

"ახლა როგორ იქნება, ძალაში არ შესული გადაწყვეტილებით სამართლებრივი შედეგი რომ დააყენეთ? ხომ გაფრთხილებდით? თქვენივე მინისტრის ტექსტებით მერაბიშვილის საქმეზე ხომ გითხარით, რომ დანაშაულს ჩადიხართ? ხოდა, როგორაა ახლა საქმე?!" - წერს გვარამია.

გვარამია ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დროებითი ღონისძიების შეწყვეტასთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს და წერს, რომ ამასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლას შორის კავშირი არ არსებობს. 

"რაც შეეხება დროებითი ღონისძიების შეწყვეტას, მისი გამომწვევი იურიდიული ფაქტი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ავტომატურად შეწყდა. არავითარი კავშირი დროებითის შეწყვეტასა და გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე იურიდიული შედეგის არ დადგომას შორის არ არსებობს ამ შემთხვევაში,"- წერს ნიკა გვარამია. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp