ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა: "ივანიშვილს 20 ივნისის ღამის ტრაგედია ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება"

„გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. მას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.  

ოქრუაშვილის თქმით, თუ ვინმე 20-21 ივნისის თემაზე არის დასაკითხი, პირველ რიგში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

„მან ურცხვად მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მას 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების ბოლომდე მას 20 ივნისის ღამის ტრაგედია გაჰყვება. ოპოზიციური ლიდერების დაკითხვების მიზანი ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობაა", -განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე და სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დასთანხმდა.

იხილეთ ასევე: შსს უგულავას, ოქრუაშვილსა და ბარამიძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ–მა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული 7 რუსული კომპანიის მიმართ სანქციები შემოიღო