იუსტიციის სამინისტრო ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“–ის გენდირექტორად მოიხსენიებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო  ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით არხის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას "უსაფუძვლო პიარ-კამპანიად" აფასებს და გვარამიას „რუსთავი 2“–ის გენდირექტორად მოიხსენიებს. 

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს. 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"დავაზე მოწინააღმდეგე მხარის, რუსთავი-2-ის გენერალური დირექტორის მიერ დღეს დილით წამოწყებული უსაფუძვლო პიარ-კამპანიის საპასუხოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასართლოდან მიღებულ წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, რომ ევროპული სასამართლოს მეოთხე პალატამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და ის ატვირთულია სასამართლოს ვებგვერდზე და ერთვის მოცემულ წერილსაც. სასამართლოს წერილში შემდეგ ახსნილია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოცემული გადაწყვეტილება გაასაჩივროს 2019 წლის 18 ოქტომბრამდე.

წერილის ბოლოს კი აღნიშნულია: „გთხოვთ, მიიღოთ მხედველობაში, რომ პალატამ გადაწყვიტა, შეწყვიტოს რეგლამენტის 39-ე მუხლის გამოყენება (შეჩერების მექანიზმი) მოცემულ საქმეზე“.

იხილეთ წერილი:


ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. იმავე დღეს ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.

განახლება: მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრომ განცხადებაში შესწორება შეიტანა და ნიკა გვარამია "რუსთავი 2"–ის ყოფილ გენდირექტორად მოიხსენია.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp