საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშილი გამოკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში "გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა. იგი 20 ივნისის საქმეზე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხა. 

„საკმაოდ კარგ, სახუმარო ხასიათზე ვიყავი და შესაბამისად, კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით ვაპირებდი, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და სამი თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი",– განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, ერთადერთი აზრიანი შეკითხვა, რომელიც მას  დაუსვეს, ეხებოდა იმას, თუ რას მოიმოქმედებდა თუკი ხალხი პარლამენტის შენობაში შესვლას მოახერხებდა, რაზეც მან ძალიან კონკრეტული პასუხი გასცა.

"ძალიან მარტივი პასუხია, ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება უფრო მეტი არ მომხდარიყო. შემდეგი მეტნაკლებად იურიდიული, აზრიანი კითხვა იყო ის, რომ იცით თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რაიმე სახის მოლაპარაკებები, ან კონსულტაციები, პოლიტიკური მოთხოვნები შეჯერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა, ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. სამი მაღალჩინოსნის გადადგომა იყო ერთად შეჯერებული პოლიტიკოსებს შორის, მეტი განსაკუთრებული არაფერი არ ყოფილა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე და სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას დასთანხმდა.

იხილეთ ასევე: შსს უგულავას, ოქრუაშვილსა და ბარამიძესთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

შეგახსენებთ, რომ თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპორტირებულთა საქმე: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა