ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის ვითარება დაიძაბა

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

როგორც რადიო “აზატიკი” იუწყება, ინციდენტის მიზეზად ტაჯიკეთის სოფელ ტოჟიკონის (ვორუხის) მაცხოვრებლების მიერ ტრასაზე, მეზობელ სოფელთან საზღვარზე დროშისა და ბანერის განთავსება იქცა, რამაც ჯერ – სიტყვიერი, ხოლო შემდეგ შეიარაღებულილ დაპირისპირება გამოიწვია.

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია 5 მოქალაქე. თუმცა ბატკენის რაიონულ საავადმყოფოში რადიო “აზატიკს” 8 დაჭრილი დაუსახელეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 52 წლის ტაჯიკი პედაგოგია, დაჭრილთა შორის კი არის ტაჯიკეთის შსს-ს სოგდის რაიონული საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი. 

ავტოტრასა ისფარი-ტოჟიკონი ამ დროისთვის გადაკეტილია.

როგორც ტაჯიკ ჟურნალისტებს სოფელ ტოჟიკონის თავკაცმა გაფურჟონ ჟურაევმა განუცხადა, სანადირო თოფები ყირგიზული სოფლების მაცხოვრებლებმა გამოიყენეს, ტაჯიკური მხრიდან კი ქვებს ისროდნენ.

«ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასაზღვრო წარმომადგენლები ატარებენ ერთობლივ ღონისძიებას ახალი ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ასევე მხარეების სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები», - ნათქვამია ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა