IDFI – 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო ჭიდაობის ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს დაერიცხა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2015-2018 წლებში სახელმწიფო ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგები გამოაქვეყნა.

IDFI-ს განცხადებით, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის ფაქტები.

  • 2015-2018 წლებში საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაზე სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 30 მლნ. ლარი შეადგინა. 
  • ჭიდაობის სახელმწიფო პროგრამის ფინანსური ანგარიშები, არ არის თანხვედრაში სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებთან. მაგ. 2017 წელს მოწოდებულია მხოლოდ 782,785.38 ლარის ოდენობის ფაქტიური ხარჯების შესახებ ინფორმაცია, მაშინ როდესაც სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჭიდაობის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი იყო 3,500,000 ლარი. 
  • სამინისტროს მიერ ოფიციალურად მოწოდებული ფინანსური დოკუმენტაციით სამინისტროს მიერ გადარიცხულ, ფედერაციის მიერ დახარჯულ და უკან დაბრუნებულ თანხებს შორის ბალანსი არ არის დაცული. მაგალითად, 2017 წლის დოკუმენტაციის მიხედვით სამინისტროს მიერ ფედერაციისთვის გადარიცხულია 1,786,835 ლარი, საიდანაც ფაქტობრივი ხარჯი გაწეულია - 782,785.38 ლარი, უკან დაბრუნდა 173,001.62 ლარი, ხოლო დანარჩენი 831,048.0 ლარის შესახებ ინფორმაცია არ არის მოწოდებული. 
  • ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი. 
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში - 8,276 ლარი. 
  • შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი. 
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს. 
  • 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.
  • კვლევის პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გაუმჭვირვალობა, რომელმაც IDFI-ს ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა. IDFI-ს შეფასებით, შესაბამისი რეგულაციების არარსებობა, გარკვეულწილად, ზრდის ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციისა და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს: 
  • საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედება, პირდაპირ არ ვრცელდება სპორტული ფედერაციებზე. შედეგად, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არ გასცემს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას და არ უზრუნველყოფს ფინანსურ გამჭვირვალობას. 
  • სამინისტრომ სრულყოფილად არ გასცა ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფინანსური ანგარიშები, რისი სამინისტროსთვის მიწოდების ვალდებულება ფედერაციას შესაბამისი ხელშეკრულებებით აქვს აღებული; მსგავსი ანგარიშების გასაჯაროებისგან თავის არიდება სამინისტროს მხრიდან გარკვეული ინფორმაციის დაფარვის სურვილზე ან/და ფედერაციის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე მიუთითებს. 
  • ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. „ატკატების“ რისკს. 
  • ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში არ განხორციელებულა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმება, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს თანმიმდევრული ფინანსური კონტროლის შესაძლებლობებს და ზრდის კორუფციის რისკებს. 
  •  ანტიდოპინგურ შემოწმებაზე ჩავარდნილი მოჭიდავეებისათვის ფულადი პრიზების გაცემის/ჩამორთმევის, საკითხები არ არის სამართლებრივად მოწესრიგებული, რაც ზრდის ფინანსების არამიზნობრივი განკარგვის რისკებს. 
  • კვლევის ფარგლებში შესწავლილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ფინანსურ დოკუმენტაციაში გამოვლენილი ფაქტობრივი უზუსტობები, წარმოადგენს ფინანსური შეუსაბამობების მნიშვნელოვან რისკებს. 
  • ფედერაცია ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი დოკუმენტაციის არ ქონის გამო, ვერ უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ფაქტიური ხარჯების მიწოდებას, რაც ფინანსური შეუსაბამობების მნიშვნელოვან რისკს წარმოადგენს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჭიდაობის ფედერაცია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს და ინფორმაციის ნაწილს არ ასაჯაროებს.  კვლევის ავტორების თქმით, შესაბამისმა უწყებებმა დარღვევებისა და ფინანსური დოკუმენტების შესწავლა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"