"მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება, არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი პაატა სალია მოუწოდებს, ყველას თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელმაც შეიძლება, არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს.

სალიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. 

"ჩვენი მოქმედება პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერც ერთი პირი, რომელმაც დღეს კომენტარები გააკეთა ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველამ თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისა და ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომელმაც შეიძლება, არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს. ეს არის ჩემი თხოვნა და ეს არის ის პოზიცია, რომელიც არხის დღევანდელ მესაკუთრეს აქვს. არანაირი საფუძველი იმისა, რომ აღსრულება არ აღსრულებულიყო არ არსებობდა. ეს არის ცალსახა“, – განაცხადა სალიამ.

მან ასევე ისაუბრა გასაჩივრების საკითხზე და განაცხადა, რომ დასაშვებობის თაობაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ საჩივრდება.

„შესაბამისად ის მაშინვე  შედის ძალაში. ამიტომ ასევე სპეკულაციებია ის განცხადებები, რაც გულისხმობს რომ სამი თვის ვადაში არ შეეძლო იუსტიციის სამინისტროს  დაერეგისტრირებინა ეს სასამართლო გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით,სტრასბურგის სასამართლოს ტელეკომპანიის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების ბეჭდური ვერსია ჩამოვიდა, სადაც წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში მაშინ შევა, თუ 19 ოქტომბრამდე მხარე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებს. 

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp