„პანდორას ყუთი“ ოქრუაშვილისგან: რა „თამაშში“ ჩაერთო ყოფილი მინისტრი

სკანდალური განცხადებებით ცნობილი ყოფილი სახელმწიფო მოხელე, აწ უკვე „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი 22 ივლისს საზოგადოების წინაშე მორიგი ხმაურიანი განცხადებებით წარსდგა, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს ამ განცხადებების მხოლოდ პოლიტიკური შეფასების ფორმატში დატოვება სურს. არადა ოქრუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მნიშვნელოვან სამართლებრივ გარემოებებს მოიცავს, მათ შორის „რუსთავი 2“–ისთვის დავის საქმეში:

  • ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2004 წელს „რუსთავი 2“–ის შესაძენად  თანხები თავად მოიზიდა, შესაბამისად 2004–2006 წლებში არხის რეალური მფლობელი თავად იყო. აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ოქრუაშვილი შს მინისტრი გახლდათ, 2004–2006 წლებში კი თავდაცვის მინისტრი, თუმცა ირწმუნება, რომ თანხის მოსაზიდად არა თანამდებობა, არამედ პირადი კავშირები გამოიყენა და იქვე მიუთითებს, რომ ამ ეპიზოდზე იურიდიული თვალსაზრისით ხანდაზმულობის ვადა გასულია.
  • კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც ოქრუაშვილმა „ბინძური თეთრეულის გამოფენა“ უწოდა, 2014 წელს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციას ეხება. კერძოდ, როგორც ოქრუაშვილი ყვება, მას 2014 წელს გორის მერის არჩევნებში სურდა მონაწილეობის მიღება, ამიტომ გადაწყვიტა „ქართულ ოცნებასთან“ „ურთიერთობის დალაგება“ და ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციისთვის, რომელიც იმ დროს არანაირ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებდა, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოიყენა, ხოლო ივანიშვილმა უსუფაშვილისვე დახმარებით ოქრუაშვილი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შოთაძესთან გადაამისამართა. მსგავს კომუნიკაციას ადასტურებს უსუფაშვილიც.
  • ამ ეპიზოდის მნიშვნელოვანი გაგრძელებაა უშუალოდ შოთაძესთან კომუნიკაცია. „პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ მომთხოვა ჩვენების იმ სახით მიცემა, რა სახითაც მაქვს მიცემული",– თქვა 22 ივლისს ირაკლი ოქრუაშვილმა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი გარემოებებისა, რომელიც ამ განცხადებებში ჩანს, პროკურატურა დაინტერესების საფუძველს ვერ ხედავს. უწყება არ გეგმავს, გაარკვიოს, თავის დროზე ოქრუაშვილმა ცრუ ჩვენება მისცა თუ არა გამოძიებას, რაც სხვათა შორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სფეროა; არც იმის გარკვევას ცდილობს, რა სახის კომუნიკაცია შედგა არაუფლებამოსილ პირ ივანიშვილსა და მოქმედ თანამდებობის პირ შოთაძეს შორის 2014 წელს და არც იმის, ჰქონდა თუ არა ადგილი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას შოთაძის მხრიდან, ან საგამოძიებო ორგანოს საქმიანობაში  ჩარევის მცდელობას ივანიშვილის მხრიდან.

პროკურატურის პოზიციას „სასაცილოდ“ აფასებს თბილისის ყოფილი პროკურორი მაია მწარიაშვილი.


როგორც იურისტი „აქცენტთან“ საუბრისას აცხადებს, ოქრუაშვილის განცხადებები ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო პროკურატურის ინტერესის საგანი და ამისთვის მწარიაშვილი საკუთარ არგუმენტებს აყალიბებს:

„ამ ბოლო დროს პროკურატურის განცხადებების შეფასება „ძალიან რთულია“: ოქრუაშვილ მოყვა ამბავს და ეს ამბავი რა არის, სწორედ პროკურატურამ უნდა გაარკვიოს. პროკურატურამ კი აბსურდი თქვა, „თავად [ოქრუაშვილს] უნდა მიეცა კვალიფიკაცია და მაშინ დავინტერესდებოდიო“. მკვლელობას რომ ჩაიდენს ადამიანი, თუ თავად არ თქვა, ამა და ამ მუხლით ჩავიდინე დანაშაულიო, პროკურატურა არ ინტერესდება? პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო და გაერკვია, რომელია ცრუ და ნამდვილი ჩვენება, რომელიც მაშინ მისცა ოქრუაშვილმა გამოძიებას [2014 წელს], თუ ის, რის შესახებაც 22 ივლისს მოჰყვა მოწმეებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით და ა.შ.“.

რაც შეეხება „რუსთავი 2“–ის საყიდლად თანხების მოზიდვის ეპიზოდზე ხანდაზმულობის ვადას, მწარიაშვილის განმარტებით, ოქრუაშვილის მიერ მითითებული გარემოება გამოძიების არდაწყების საფუძველი არ არის:

„თანამდებობრივ დანაშაულს პასუხისგებაში მიცემის ვადა 15 წელი აქვს. ვფიქრობ, ოქრუაშვილს ეს წლები დათვლილი ექნება, მაგრამ ხანდაზმულობა არ არის ის თემა, რომელიც კეტავს გამოძიებას: გამოძიება საკითხით ნებისმიერ შემთხვევაში ინტერესდება და შემდეგ მიდის დასკვნამდე, რომელ ეპიზოდს კეტავს ხანდაზმულობა. ამდენად, ეს გარემოება გამოძიების არდაწყების, არამედ დევნის არდაწყების საფუძველია. ცალსახაა, რომ ოქრუაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია – რა მოხდა , როგორ გადაფორმდა ქონება ქიბარ ხალვაშის სახელზე, გამოძიება ამ საკითხით სერიოზულად უნდა იყოს დაინტერესებული. ადამიანები [„რუსთავი 2“–ის დამფუძნებლები დვალი და აქიმიძე] ამბობენ, რომ ნებით არ დაუთმიათ ქონება, ოქრუაშვილი განსხვავებულ ვერსიას ჰყვება, მაგრამ რა, როგორ მოხდა, ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, ჩვენ ვერ ვუპასუხებთ. პროკურატურა კი ჩადგა პოზიციაში: არაფერი მესმის, არაფერი დამინახავს, არაფრის გაგონება არ მინდა. ეს სავარაუდოდ, იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ ოქრუაშვილს 22 ივლისს სრული სიცრუეც არ მოუყოლია. „რუსთავი 2“–ის საქმეში სახელმწიფოს მონაწილეობა ადრე და ახლაც ნათელია, სწორედ ამიტომ ვისმენთ პროკურატურის, სასამართლოს უცნაურ პოზიციებს. ყველა ამ უცნაურობის უკან ლოგიკური პასუხებია – სახელმწიფოს, ანუ ხელისუფლების ინტერესები, ხოლო ხელისუფლების ინტერესები სადამდე მიდის, ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა დვალმა და აქიმიძემ ისაუბრეს, „ჩვენი საქმის გასაღები ივანიშვილშიაო“. თუ საქმეს ამ პრიზმაში გახედავთ, მაშინ პროკურატურის პოზიცია, „არაფერი გამიგია, ვერაფერს ვხედავო“, არ გაგიკვირდებათ“.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილისთვის ხელისუფლების დუმილი სერიოზულ დისკომფორტზე მიანიშნებს.


„ოქრუაშვილი ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში აღიარებით ჩვენებას იძლევა სავარაუდო დანაშაულზე და მიუხედავად ამისა, მას ხელს არავინ ჰკიდებს, არავინ ინტერესდება, გამოკითხვაზეც არავინ იბარებს, – ეს უცნაური არ არის? ვფიქრობ, ოქრუაშვილი მხარეებს ეუბნება, „კი ბატონო, იყო დანაშაული, მაგრამ ეს დანაშაული მხოლოდ მე არ ჩამიდენია – ყველანი თანამონაწილეები ხართ, მათ შორის ისინიც, ვინც დღეს ხელისუფლებაში ბრძანდებით. ამიტომ, ან მომელაპარაკეთ, ან შევქმნი ახალ ისტორიასო". ეს არის მისი ძალიან მარტივი გზავნილი. ვიღაცეებმა სასაცილოდ აიგდეს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ აქ რამეა სასაცილო, ეს ტრაგიკომუკურია. რეალურად „რუსთავი 2“–ის საქმის გამოძიება თაროზეა შემოდებული. გამოძიება ნიშნავს დადგენას, რა, როგორ ხდებოდა; რა იყო ფულის წყარო, ხომ არ გვაქვს ფულის გათეთრებასთან საქმე და ა.შ. მეეჭვება, რომ ხალვაშს შეუძლია ფულის წყაროს დადასტურება. გარდა ამისა, საინტერესოა, ვინ იყო შუამავალი რგოლი, რომელიც არხის გადაფორმების ისტორიაში გამოიყენეს? ამ საქმეში საძიებელი ბევრია. და თუ გამოძიება დაიწყო, ეს ისტორია ხალვაშზეც არ გაჩერდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში თვლიან, რომ ეს არის „პანდორას ყუთი“ და თუ გაიხსნა, ე.წ. "ყანდურის თონეში" ბევრი ადამიანი ამოყოფს თავს. ეს ესმის ოქრუაშვილს, ახდენს პროვოცირებას, ელოდება, ვიღაცას როდის უმტყუვნებს ნერვები და როდის დაიწყება რეალობის გარკვევა“,– განუცხადა „აქცენტს“ ანალიტიკოსმა.

ხუხაშვილის შეფასებით, ოქრუაშვილი სერიოზულ ბრძოლაში შევიდა, თუმცა მას ზურგს გარკვეული გარანტიები უმაგრებს:

„საუბარი, „ოქრუაშვილი აზრზე არ არისო“, ამ ისტორიის ზედაპირული ხედვაა. ოქრუაშვილმა იცის, რას აკეთებს, განსხვავებით სხვა მხარეებისგან: მას აქვს გარანტიები, როგორც კი ხელს მოჰკიდებენ, „ა“–ს „ბე“–ს მოაყოლებს, ისაუბრებს სავარაუდო დანაშაულის თანამონაწილეებზე და ის თანამონაწილეები აღმოჩნდებიან როგორც წინა, ისე ამჟამინდელ ხელისუფლებაში. დღეს მისი თამაში ასეთია. აქ მთავარი საკითხია, რა არის „პანდორას ყუთში“? თუ ჩვენ ხელისუფლების დუმილით ვიმსჯელებთ, იქ სერიოზული რაღაცეები დევს: უკვე იმდენი რამ ითქვა, ამაზე [„რუსთავი 2“–ის საქმეზე] სერიოზული გამოძიების არდაწყება, სახელმწიფოსთვის წარმოუდგენელია. კოლექტიურ დანაშაულთან გვაქვს საქმე? აქ სუფთა არავის გამოდის. შედარებით უკეთესად გამოიყურებიან არხის დამფუძნებლები აქიმიძე და დვალი. თუმცა ამ გამოძიების დაწყება არ უნდათ და სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული – რატომ არ უნდათ?  ამას ერთადერთი ახსნა აქვს – იმიტომ არ უნდათ გამოძიება, რომ მაღალი ალბათობით, სახელმწიფოა თანამონაწილე“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"