კოჟორიძე – "რუსთავი 2"–ის საქმეზე: "ამოცანა საბავშვო ბაღში"

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

"ამოცანა საბავშვო ბაღში:

ერთ ბავშვს მეორემ წაართვა ვაშლი. მეორეს წაართვა მესამემ. კითხვა: ვისია ვაშლი?

პატარა ბიძინას პასუხი: სამართლიანობის აღდგენის ინტერესი მოითხოვს, რომ ვაშლი მეორე ბავშვს დაუბრუნდეს.

პატარა მიშიკოს პასუხი: დემოკრატიის ინტერესი მოითხოვს, რომ ვაშლი მესამეს დარჩეს.

პ.ს. დღეს გენერალურ პროკურორთან არის გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კარგი იქნება ეს კითხვა თუ დაისმება. რა არის მიზეზი, რომ ამდენი წელი თაროზე დევს დვალისა და აქიმიძის საჩივარი? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? როდის დასრულდება გამოძიება? - საინტერესო იქნება ამ მართლაც საბავშო ბაღის ამოცანაზე უზენაესი მოსამართლის კანდიდატის პასუხები...

უსამართლობა არის ამ ქვეყნის მტერი N1, რომელიც ყველას გვაპირისპირებს ერთმანეთთან, არ გვაძლევს სხვა მწვავე თემებზე მუშაობისა და განვითარების საშუალებას! სანამ ამას არ გავიაზრებთ და არ მოვაგვარებთ, მუდმივად ერთ წრეზე ვიტრიალებთ!",– წერს იურისტი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ქართულმა სასამართლომ "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ არხი სამ საათში გადაიფორმა ბიზნესმენმა, თუმცა არხზე პრეტენზიებს აცხადებენ ყოფილი დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქტიმიძე. მათ რამდენიმე წლის წინ მიმართეს პროკურატურას, თუმცა საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, თავის დროზე არხის წილები იძულებით დაათმობინეს და ის ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს. გარდა ამისა, არხზე პრეტენზიებს აცხადებს "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. მისი თქმით, არხი რეალურად არა ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp