ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სროლა განახლდა

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე, სადაც 22 ივლისს შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, სროლა განახლდა. რადიო “თავისუფლების” ადგილობრივი ბიუროს ინფორმაციით, დაჭრილია ერთი მესაზღვრე. 

მისივე ცნობით, რეგიონში ყირგიზული სასაზღვრო დანაყოფები გააძლიერეს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კონფლიქტის დეესკალაციისათვის.

ავტოტრასა ისფარი-ტოჟიკონი კვლავ გადაკეტილია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დღის მეორე ნახევარში ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი მოქალაქე დაიღუპა და, ბოლო მონაცემებით, 26 დაიჭრა, ამ უკანასკნელთაგან 16 – ტაჯიკეთის, 10 კი ყირგიზეთის მხრიდან.

როგორც რადიო “აზატიკი” (რადიო “თავისუფლების” ადგილობრივი ბიურო) იუწყება, ინციდენტის მიზეზად ყირგიზეთის ტერიტორიის სიღრმეში მდებარე ტაჯიკურ სოფელ ტოჟიკონის (ვორუხის) მაცხოვრებლების მიერ ტრასაზე, მეზობელ სოფელთან საზღვარზე დროშისა და ბანერის განთავსება იქცა, რამაც ჯერ – სიტყვიერი, ხოლო შემდეგ შეიარაღებულილ დაპირისპირება გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, 22 ივლისს დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი 52 წლის ტაჯიკი პედაგოგია, დაჭრილთა შორის კი არის ტაჯიკეთის შსს-ს სოგდის რაიონული საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი. 

ტაჯიკური მხარე ირწმუნება, რომ ცეცხლი სანადირო თოფებიდან ყირგიზმა მოსახლეობამ გახსნა. სულ დაშავდა რესპუბლიკის 10 მოქალაქე: სამი ცეცხლსასროლი იარაღიდანაა დაჭრილი, შვიდი კი ქვებით ჩაიქოლა. 

ყირგიზეთის მხრიდან დაშავებულია 15 მოქალაქე, მათ შორის – მესაზღვრე და მილიციის თანამშრომელი. 12 მათგანს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს, დანარჩენებს – ქვებით მიყენებული ტრავმები.

ცნობისთვის: ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარი სულ 970 კმ-ზეა გადაჭიმული, მათგან ამ დროისთვის მხოლოდ 519-ია შეთანხმებული. სადავო მონაკვეთებზე ხშირად ხდება კონფლიქტები წყლის, მიწისა და საძოვრების გამო.

საგულისხმოა, რომ შეთაკებები ტაჯიკეთში ყირგიზეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, რომლის დროსაც სასაზღვრო საკითხების განხილვაც იგეგებოდა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა