ხუხაშვილი "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლებისა და ივანიშვილის შეხვედრის დეტალებს იხსენებს

ანალირიკოსი გია ხუხაშვილი, რომელიც წარსულში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის პოზიციას იკავებდა, "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლებთან მის და შემდეგ უკვე ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს.  

"როდესაც ჩვენ 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, მქონდა შეხვედრა დათო დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან [რუსთავი 2]–ის დამფუძნებლები. მოვისმინე მათი ისტორია, რაც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო და არანაირი საფუძველი არ მქონდა, მათთვის არ დამეჯერებინა. მაშინ იყო მარტივი რჩევა, შეეტანათ პროკურატურაში სარჩელი და ჩატარებულიყო სრულფასოვანი გამოძიება. ამით დაიწყო ყველაფერი. მეტსაც გეტყვით, ბიძინა ივანიშვილთანაც გვქონდა შეხვედრა. დვალი და ივანიშვილი შეხვედნენ ერთამნეთს ჩემი თანდასწრებით. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩემთვის იმ შეხვედრაზე დვალის პოზიცია პატივსაცემი იყო. დვალის პოზიცია იყო შემდეგი: გამოძიება ჩატარდეს ობიექტურად. ის არაფერს ითხოვდა, რომ აი, ვიღაც დამეხმაროს. ამბობდა, "თუ დადგინდა, რომ მე ვარ დაზარალებული და ტელევიზია დამიბრუნდა, სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით არანაირ ვალდებულებას არ ავიღებ ჩემს თავზე". ეს მისი მხრიდან ცალსახად იყო ნათქვამი. შესაძლოა, ეს ვიღაცას მოეწონა, ან არა. ადამიანურად ის შეიძლება, ვიღაცის მადლიერი იყოს, მაგრამ ამ მადლიერებას არ გადაიტანდა ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე. მე ამის იქეთ აღარაფერს ვიტყვი. გარდა ამისა კიდევ ბევრი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ამაზე უნდა ილაპარაკოს იმან, ვინც უნდა ილაპარაკოს. ფაქტია, ამ თემაზე სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი",– განაცხადა TV "პირველის" ეთერში ხუხაშვილმა. 

ივანიშვილთან შეხვედრის ფაქტი დაადასტურა დავით დვალმა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მოხდა:  

"ბატონი ხუხაშვილის მიერ ნახსენები ივანიშვილთან შეხვედრა შედგა 2012 წლის დასაწყისში და ეხებოდა "მე–9 არხის" ხელმძღვანელობის შეთავაზებას ჩემთვის. 2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს არ შევხვედრილვარ".

შეგახსენებთ, რომ ქართულმა სასამართლომ "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა და სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ არხი სამ საათში გადაიფორმა ბიზნესმენმა, თუმცა არხზე პრეტენზიებს აცხადებენ ყოფილი დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. მათ რამდენიმე წლის წინ მიმართეს პროკურატურას წილების იძულებით დათმობის საკითხზე, თუმცა საქმე გამოძიებული ამ დრომდე არ არის. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, თავის დროზე არხის წილები იძულებით დაათმობინეს და ის ქიბარ ხალვაშს გადაუფორმეს. ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებაში დამფუძნებლებმა აღნიშნეს, რომ მათ ტელევიზიასთან და სამართლიანობასთან ერთი ადამიანი აშორებთ და ეს არა ქიბარ ხალვაში, არამედ ბიძინა ივანიშვილია.

"როგორც ჩანს, ის წყვეტს, რამდენ წილს დათმობს ხალვაში და მიგვიშვებენ თუ არა ტელევიზიასთან",– განაცხადა დვალმა.   

გარდა ამისა, არხზე პრეტენზიებს აცხადებს "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი. მისი თქმით, არხი რეალურად არა ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის, ხალვაში კი უბრალოდ მას წარმოადგენდა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს