ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან გარიგების დეტალებზე საუბრობს: რა მიიღო მან და რის სანაცვლოდ

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, პროკურატურისთვის მის მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი ხელისუფლების მოთხვნის შესაბამისი იყო. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა. კითხვაზე, ხელისუფლების დავალებით აძლევდა თუ არა ჩვენებას გამოძიებას, მათ შორის "რუსთავი 2"–ის, ზურაბ ადეიშვილის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ოქრუაშვილმა უპასუხა: "იყო ნაწილი ობიექტურობისა, იყო ნაწილი მათი მოთხოვნის შესაბამისი".

როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, მმართველი გუნდის "გულის მოგების" მიზანით, სამი წლის განმავლობაში "პროკურატურაში ცხოვრობდა".  

"სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში ვცხოვრობდი. იმდენი დრო არ მაქვს პროკურატურაში გატარებული გენპროკურორობის დროს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში – 2014–15–16 წლები, 2016 წლის შემდეგ დავამთავრე. ამ სამი წლის განმავლობაში ვცდილობდი მათთან [მმართველ გუნდთან] ურთიერთობის გარკვევას. თავმოყვარეობის შელახვამდეც შეიძლება, დავედი იმისთვის, რომ მათი გული მომეგო. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დამითმეს...გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დავინიშნე, კახა კალაძის თანაშემწე მირეკავს, სამხარაძეა მგონი, ახლა პარლამენტში ჰყავთ და მეუბნება, "ჩვენს ინტერესებში შენი აკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეობა არ შედიოდაო". უკაცრავად და, არ შეიძლება, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე ვიყო იმ ყველაფრის ფონზე, რასაც მე მთხოვდნენ? წინა ხელისუფლების უამრავ საქმეზე დახმარებას მთხოვდნენ, გარკვეული პოზიციების ასე, ან ისე დაფიქსირებას, რაც მათ ინტერესებში შედიოდა. პროკურატურამ გუშინ გაავრცელა განცხადება, ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, რადგან მას [ოქრუაშვილს] არ უთქვამს, ცრუ ჩვენება მისცაო. არ მე შევალ ამ დეტალებში, ამ ტერმინს არ გამოვიყენებ. ვინმემ არ მიხსენოს "მორალი", "ზნეობა", "პატიოსნება" ადეიშვილის, მერაბიშვილის და სააკაშვილის საქმეებთან მიმართებაში იმის გამო, რაც მე მათ [ხელისუფლებამ] გამიკეთეს. პოლიტიკური მიზანშეწონილობა რაც იქნება იმ ადამიანებთან მიმართებაში, იმის მიხედვით ვიმოქმედებ",– განაცხადა ოქრუაშვლმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას მერაბიშვილის, ადეიშვილისა და სააკაშვილის საქმეებზე "არასწორი    ჩვენებები" მიცემული, ოქრუაშვილმა უპასუხა: "ბურთი მათ მოედანზეა. კეთილი ინებოს ივანიშვილმა, პოზიცია გამოხატოს და იმის მიხედვით ვუპასუხებ. მან მშვენივრად იცის, რა საქმეებზე რა ტიპის ჩვენებები მაქვს მიცემული მისი მოთხოვნით". 

"ამ ქვეყანაში პოლიტიკურ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში მართლმსაჯულება არ ხორციელდება და კიდევ დიდხანს არ განხორციელდება. ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც შექმნა სააკაშვილმა და წარმატებით აგრძელებს ივანიშვილი. სააკაშვილის დროს ჩემს მეგობრებს იჭერდნენ იარაღის ჩადებით და ივანიშვილმა წარმატებით გააგრძელა ჩემი ახლობლების დაჭერა იარაღის ჩადებით. ჩემთვის რა შეიცვალა?",– ამბობს ოქრუაშვილი. 

როგორც ოქრუაშვილი ირწმუნება, მას ძირითადად კომუნიკაცია ჰქონდა ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, თუმცა ფრაგმენტულად – სხვებთანაც, რასაც მისივე შეფასებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. 

"როდესაც 2016 წელს მომთხოვეს, რომ უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე [რუსთავი 2–ის წილებზე] და ჩემგან უარი მიიღეს, გგონიათ, გორში ვიღაც "ხამსამ" გაბედა და მესროლა? ირაკლი ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იყავითქო, 15 წუტში დაფრქვა: კახა კალაძე იყოო",– ამბობს ოქრუაშვილი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp