"თანამდებობიდან რომ წამოვედი, 10 მილიონი "ქეში" მქონდა კაბინეტის სეიფში"

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, "რუსთავი 2"–ისთვის გადახდილი 1 მილიონ 200 000 ბიძინა ივანიშვილის ფული არ არის.

"მაშინ მასთან ასეთი ურთიერთობა არ მქონია",– განაცხადა ოქრუაშვილმა "პირველის" ეთერში.

ამასთან, მისი თქმით, ივანიშვილი პირადი უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირებს სოლიდურ თანხას ურიცხავდა.   

“ივანიშვილი ყოველ წელს 36 მილიონს მირიცხავდა თავდაცვის ფონდში [ოქრუაშვილს თავდაცვის მინისტრის პოზიცია 2004–2006 წლებში ეკავა]. თანამდებობიდან რომ წამოვედი 10 მილიონი ნაშთი მქონდა დარჩენილი ქეშის სახით, კაბინეტში მედო ქეისით ეს ფული და უკან მივიტანე, დავაბრუნე ბანკში– ანგარიშზე. ივანიშვილი ამ თანხას რიცხავდა მისი უსაფრთხოებისთვის, რომ ჩვენთან ურთიერთობაში კომფორტულად ეგრძნო თავი, რომ ჩვენ მასზე არ გავბრაზებულიყავით და მისი რაიმე სახის შევიწროება არ დაგვეწყო. შსს–ს ცალკე აძლევდა, სააკაშვილს და სხვა პირებს – ცალკე”,– განაცხადა ოქრუაშვილმა. 

ამავე ინტერვიუში ოქრუაშვილმა მის მიერ თანხსი მოზიდვის არხებზეც გაამახვილა ყურადღება, თუმცა კონკრეტული სახელების გარეშე, მათ შორის ახსენა შევარდნაშის დროინდელი მაღალჩინოსნები, რომლებიც მისი შეფასებით, საკუთარ "უსაფრთხოებას ყიდულობდნენ":

"2007 წელს, დაჭერამდე ერთი თვით ადრე, ჩემი ქართლური, ტყვიაური ხასიათის გამო ამერიკელებთან ურთიერთობა ძალიან გავიფუჭე და მათთან კარგ ურთიერთობა როგორც იმუნიტეტი, აღარ მქონდა... მიჭერს სააკაშვილი და ვდგევარ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე: ან ვრჩები ციხეში და არავინ იცის, როდის გამოვალ და თუ ოდესმე გამოვალ, ალბათ, ფსიქიურად შეშლილი, ან მაღალი ალბათობით, ცოცხალი ვერ გამოვალ. მეორე – ამერიკელებისგან იმუნიტეტი აღარ მაქვს და ვარ ბესელიას, ხაინდრავას და გრეჩიხას იმედზე, თუ ისინი შეცვლიან რეალობას, შეიძლება გამოვიდე. მაქვს კიდევ ერთი არჩევანი – გამოვიდე ისე, რომ საზოგადოებამ ჩათვალოს, ნახეთ, რა უქნეს და უფრო მეტად გაღიზიანდეს სააკაშვილზე, მეტად აგრესიული გახდეს, მე გავიდე ქვეყნიდან და მომეცეს შესაძლებლობა, გავაგრძელო მიშასთან ბრძოლა, რაც გავაკეთე კიდეც. 11 ადამიანი მყავდა დაჭერილი, ყველა გამოვიყვანე, ერთ–ერთი მაგანი ორჯერ იხრჩობდა თავს, ისიც გავიყვანე. ამის შემდეგ იმდენი ფული, რაც მე აქციებზე დავხარჯე, დაწყებული რუსთაველზე საკნების აქციიდან, ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ არავის დაუხარჯავს. 

შევარდნაძის მაღალჩინოსნებიდან დაწყებული, წვრილფეხობით დამთავრებული, რიგები მედგა. მხოლოდ შევარდნაძის ერთი ძალოვანი მინისტრისგან 2003 წლის აპრილში 600 000 მაქვს წამოღებული. ისინი ყიდულობდნენ საკუთარ უსაფრთხოებას. მშვენივრად არიან დღესაც. ასე ხდებოდა და ასე მოხდება მომავალშიც. ამით იმას ვუსვამ ხაზს, რომ სახეისუფლებო ბერკეტები ასეთი თანხის მოსაზიდად არ მჭირდებოდა. მე ვიყავი ენმ–ის ფინანსების მომგროვებელი, სხვა პარტიებს თავიანთი ჰყავდათ".  

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა