ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონს ბრიტანეთის პრემიერად არჩევას ულოცავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი ბორის ჯონსონს დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრად არჩევას ულოცავს და აცხადებს, რომ თეირანს ლონდონთან დაპირისპირება არ სურს.

„ვულოცავ ჩემს ყოფილ კოლეგა ბორის ჯონსონს ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრად არჩევას. თეირანს ლონდონთან დაპირისპირება არ სურს. მაგრამ ჩვენ ვფლობთ სპარსეთი ყურეში 1500 მილის სიგრძის სანაპირო ზოლს. ეს ჩვენი წყლებია და მას დავიცავთ. ცხადია, ტერეზა მეის მთავრობამ ირანის ნავთობტანკერი აშშ–ის ბრძანების საფუძველზე დააკავა“, – წერს ზარიფი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლონდონის ყოფილი მერი, საგარეო საქმეთა ექს–მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა.

ცნობისთვის: ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ნავთობტანკერი Stena Impero 19 ივლისს დააკავეს. მალევე გაავრცელეს ვერსია, რომ ტანკერის დაკავების მიზეზი თევსაჭერ გემთან ინციდენტი გახდა. თუმცა 21 ივლისს ირანულმა მხარემ უკვე ღიად განაცხადა, რომ ტანკერის დაკავება ბრიტანეთის მიერ ირანული ტანკერის დაკავების საპასუხოდ მოხდა.

ირანი დაკავებული ტანკერისა და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების გათავისუფლებას ჯერ–ჯერობით არ აპირებს. Stena Impero ამჟამად ირანის ბანდარ აბასის პორტში იმყოფება. ტანკერზე გუშინ ირანული დროშა აღმართეს.  

ბრიტანეთი Stena Impero–ს უმოკლეს დროში გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ როგორც ირანის პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი "ბოროტ ბრიტანეთს" "საკადრისი" საპასუხო ზომებით დაემუქრა. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp