რუსეთმა და ჩინეთმა პირველი ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს – „რაც სამხრეთ კორეის პილოტებმა გააკეთეს, ჰაერში ხულიგნობაა“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში რუსეთმა და ჩინეთმა პირველი ხანგრძლივი ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს, რომელშიც მონაწილეობას იღებდა:

  • რუსული Tu-95 ტიპის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი;
  • რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი A-50;
  • H-6 ტიპის ორი ჩინური  ბომბდამშენი;
  • ჩინური სადაზვერვო თვითმფრინავი KJ-2000.

ფრენები შესრულდა დოკდო/ტაკეშიმას კუნძულების თავზე, რომელიც სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის დავის საგანს წარმოადგენს.

სამხრეთ კორეამ და იაპონიამ რუსეთი და ჩინეთი მათი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულეს, თუმცა რუსეთი და ჩინეთი ბრალდებებს უარყოფენ.

სამხრეთ კორეის განცხადებით, მათ რუსული და ჩინური თვითმფრინავების მოსაგერიებლად დაახლოებით 400 გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

რას აცხადებს რუსეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, A-50, ორმა Tu-95–მა, KJ-2000 და ორმა H-6–მა ნეიტრალური წყლების თავზე ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს.

გენერალ–ლეიტენანტ სერგეი კობილაშის თქმით, როცა აღნიშნული თვითმფრინავები თავიანთ დავალებას ასრულებდნენ, მათ სამხრეთ კორეის გამანადგურებლები 11–ჯერ მიუახლოვდნენ.

კობილაშმა სამხრეთ კორეის მფრინავები "სახიფათო მანევრების" შესრულებაში დაადანაშაულა და დაადასტურა, რომ სამხრეთ კორეის ბომბდამშენებმა რუსული თვითმფრინავების მიმართულებით გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნეს.  

„ჩვენ პატრულირებას დოკდო/ტაკეშიმას კუნძულებიდან 25კმ–ის მოშორებით ვახორციელებდით და რაც სამხრეთ კორეის პილოტებმა გააკეთეს, ჰაერში ხულიგნობაა. რუსეთი აუცილებლად გაუგზავნის საპროტესტო ნოტას სამხრეთ კორეულ მხარეს მათი პილოტების უკანონო და სახიფათო ქმედებების გამო“, – განაცხადა კობილაშმა.

რას აცხადებს სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის განცხადებით, დღეს ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა ბომბდამშენმა პირველად ადგილობრივი დროით  9:00 სთ–ზე დაარღვია. სამხრეთ კორეულმა  F-15 და F-16 ტიპის ბომბდამშენებმა დაახლოებით 100 გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ ქვეყნის საჰაერო სივრციდან ხუთივე თვითმფრინავი განდევნა.

სამხრეთ კორეის განცხადებით,  მოგვიანებით  ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული A-50 შეიჭრა. მისი მიმართულებით დაახლოებით 300 გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა და  მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე.

დღესვე სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მსგავსი შემოჭრის შემთხვევაში მხოლოდ გამაფრთხილებელი ცეცხლის გახსნით აღარ შემოიფარგლებიან. 

რას აცხადებს ჩინეთი

ჩინეთი სამხრეთ კორეის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა არ არის რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცე და მასში გადაადგილება ყველა ქვეყნის თვითმფრინავს შეუძლია.

რას აცხადებს იაპონია

იაპონია ორივეს – რუსეთსა და სამხრეთ კორეას ადანაშაულებს მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში, რადგან ტოკიო დოკდო/ტაკეშიმას კუნძულებს თავის საკუთრებად მიიჩნევს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა