ოქრუაშვილი – ქარელის განცხადებაზე: „ლოგიკური რაღაც მაინც დაერიგებინათ, კიტოვანს გააკეთებინონ კიდევ რაიმე კომენტარი“

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი თანაგუნდელის მიხეილ ქარელის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატურია.

„ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო. თენგიზ კიტოვანს გააკეთებინონ კიდევ რაიმე კომენტარი. აბსოლუტურად არასერიოზულები არიან. ოდნავ მაინც ლოგიკური რაღაც დაერიგებინათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის: შიდა ქართლის ყოფილმა რწმუნებულმა მიხეილ ქარელმა განაცხადა, რომ პირადად შეესწრო როგორ ცდილობდა ირაკლი ოქრუაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ხელწმოწერის გაყალბებას.

„მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან მოიტანა, ეს ხდება პარიზში, ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ ხელმოწერა. გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ, როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე, ვთქვა ამ ადამიანების სახელი და გვარები” ,- აცხადებს ქარელი.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ არხთან დაკავშირებით სასამართლო დავა დაიწყო. ოქრუაშვილის თქმით, „რუსთავი 2“ რეალურად მისი საკუთრება იყო, ქიბარ ხალვაში კი უბრალოდ ოქრუაშვილს წარმოადგენდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელსაც ხალვაში აწერს ხელს. 

კერძოდ, 2016 წელს ოქრუაშვილმა განასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”, - წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp