რუსული რბილი ძალა ევროპასა და საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ რუსული ე.წ. "რბილი ძალის" მოქმედებას საქართველოში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ზედაპირული ანალიზიც კი ადასტურებს, ადამიანების გარკვეულ ნაწილს რაღაც ძალა პერიოდულად უბიძგებს, რომ ეს საკითხი ეჭვქვეშ დააყენონ და მისი "მნიშვნელობაც" დააკნინონ ხოლმე. მართლა არ ვიცი, რა ჰგონიათ მათ ეს "რბილი ძალა", ან საერთოდ, რა იციან მის შესახებ, მაგრამ ამ "ძალის"ერთ-ერთი მიმართულებაზე მინდა, რომ მოკლედ დავწერო. 

2005 წელს გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი, სხვადასხვა მონაცემებით წელიწადში 200-300 ათასი ევროს საფასურად, რუსული პროექტის "ჩრდილო-ევროპული გაზსადენის" კონცერნის აქციონერთა კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. მაშინ, დასავლურმა მედიამ ისიც კი დაწერა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანის ისტორიაში ეს მეორე დიდი სირცხვილი იქნებაო. მას შემდეგ, ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო არენაზე შრიოდერზე დიდი ქომაგი არ ჰყოლია. პუტინის მაამებლური განცხადებები დასავლურ ავტორიტეტულ გამოცემებში ხშირად ჩნდება.https://wapo.st/32PQkh5 შრიოდერი მოგვიანებით ჩრდილოეთ ნაკადი-2 პროექტის ხელმძღვანელიც გახდა და კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელა რუსული ეკონომიკური პროექტების "რბილად" ლობირება. 

რუსეთ-გერმანიის თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში შრიოდერის მსგავსი კიდევ ბევრი "სირცხვილის" ჩაწერა მოახერხა ვლადიმერ პუტინმა. 2016 წელს გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, მეთიუს ვარნიგი როსნეფრის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. მანამდე ის, გაზპრომის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას ხელმძღვანელობდა. 2012 წელს კი, გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მერი, საკმაოდ ცნობილი პიროვნება სოციალ-დემოკრატი ჰენინგ ფოშერაუ South Stream Transport AG.-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს (გარდაიცვალა პატივცემული თუ არ მეშლება). ასეთი მაგალითებით სავსეა ამ ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობები. როგორც იტყვიან - business as usual. 

როგორც ჩანს KGB და ამ სკოლის შეგირდები ამ ტრენდს წარმატებით აგრძელებენ ევროპის შუაგულში. რამდენიმე დღის წინ "შრიოდერის გზას" ავსტრიის ყოფილი კანცლერი, 53 წლის ქრისტოფერ კერნიც დაადგა და ის, ახლა რუსეთის რკინიგზის საზედამხედველო საბჭოს უხელმძღვანელებს. ეს მორიგი და არცთუ უმნიშვნელო ნადავლია კრემლის "რბილი ძალის" ავტორებისა თუ კურატორებისთვის. როგორც წესი, რეკრუტირებულთა მიერ გაკეთებული განცხადებები ხშირად სცდება ხოლმე მათზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. 2014 წელს სოც.დეკი ზიგმარ გაბრიელი თავისი ქვეყნის თავდაცვის მინისტრს რუსეთთან სამხედრო პროვოცირების მცელობაშიც კი სდებდა ბრალს, ხოლო შრიოდერი გერმანიას ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდებაში. ალბათ, მოულოდნელი არ იქნება თუ ავსტრიის ყოფილი კანცლერიც ამავე გზას დაადგება. 

ზოგადად, სახელმწიფო კომპანიებში უცხო ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების რეკრუტირება, ყველაზე მეტად ორი ქვეყნისთვის - ჩინეთისა და რუსეთისთვისაა დამახასიათებელი. საგულისმოა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის "ზეგავლენის ოპერაციების" ყველა ანგარიშგასაწევ მიმოხილვაში აქცენტირებულად არის განხილული ეს მიმართულება. სხვათაშორის, მსგავსი ოპერაცია ჩინურმა და იმავდროულად, საეჭვო კომპანიამ საქართველოშიც განახორციელა, როდესაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მრჩევლად დანიშნა https://bit.ly/2y2tipg. 

მსგავსი მაგალითები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არ გახსენდებათ? არც ჩაქაფული და ხინკალი იჭმება ერთნაერად. ყველაფერს თავისი წესი აქვს. მოსკოვში სჯერათ, რომ საქართველოში მსგავსი "ოპერაციები" საჭირო არ არის. ჩვენ მათთვის სხვა ტიპის კერძი ვართ, რომელშიც ძვირის გადახდა არ სურს. თუ მაინცადამაინც, მაგალითები გვაინტერესებს, მაშინ რუსული ფინანსური კაპიტალის წილი ვნახოთ ქართულ ეკონომიკაში... და მერე ბიზნესის და ბიზნესმენების წილი ქართულ პოლიტიკაში. მადლობა, ნახვამდის. 

გიორგი მოლოდინი, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო, სპეციალურად „აქცენტისთვის“



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp