„სულელი სომეხი“ – ასე მომიხსენია" - ახალგორელი აქტივისტი ახალ დავას იწყებს

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ პროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ცნობილია, რომ პირველი ინსტანციის ე.წ. სასამართლომ მეარაყიშვილს ყველა ბრალდება მოუხსნა, მათ შორის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, თუმცა ბრალდებამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

სამოქალაქო აქტივისტი გეგმავს, პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელით ე.წ. უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში შეიტანოს.

როგორც მეარაყიშვილი აცხადებს, მის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, უბრალოდ საგამოიებო უწყებას მისი დასჯა სურს. 

„დღეს მივდივარ ცხინვალში და ვგეგმავ, კასაციაში შევიტანო სარჩელი. პროკურატურას არ აქვს არანაირი არგუმენტი, არ აქვს დასაბუთება. ჩემი მისამართით ჩემი საქმის პროკურორის განცხადება აბსოლუტურად დისკრიმინაციული, შეურაცხმყოფელი და არაეთიკური იყო:„სულელი სომეხი“ - ასე მომიხსენია მან. პროკურატურა ჩემთან უთანასწორო ბრძოლას ეწევა",– ამბობს მეარაყიშვილი. 

ცნობისთვის: 2017 წლის აგვისტოში ახალგორის ოკუპირებული რაიონის დე ფაქტო პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილის მიმართ სისხლის სამართლის ერთდროულად სამი საქმე აღძრა: 324-ე - “ოფიციალური დოკუმენტის უკანონო შეძენის” მუხლით (იგულისხმება ოსური პასპორტი, რომელიც, გამოძიების აზრით, თამარმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების პირობებში შეიძინა), 327-ე  მუხლის მე-3 ნაწილით -  “წინასწარი შეცნობით ყალბი საბუთის (იგულისხმება იგივე პასპორტი) გამოყენება” და 128-ე - “ცილისწამების” მუხლით. სამოქალაქო აქტივისტი ოკუპირებული რეგიონის მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულეს..

ამ ხნის განმავლობაში თამარ მეარაყიშვილი სულ ცოტა 25-ჯერ იყო დაბარებული ადვოკატთან ერთად სასამართლოში და 15-ჯერ პროკურატურაში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp