ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში ჩუსტები მიიტანა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სხდომაზე ჩუსტები მიიტანა.

როგორც დოლიძემ განმარტა, საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრება და კანდიდატებს უნდა შეექმნათ კომფორტი. 

„ჩემი კეთილი ნების გამოხატვით მინდა, გადავცე ეს საშუალება იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში თავი იგრძნონ, როგორც სახლში. სავარაუდოდ, მათ შაბათ-კვირასაც დასჭირდებათ გასაუბრება. მგონი, ის პირობა მაინც უნდა შევუქმნათ, ადამიანი ღამე რომ არის იუსტიციის საბჭოში, კომფორტულად მოვიდეს აქ და რამდენიმე საათი გესაუბროთ. ზოგადად, უნივერსალური ვიყიდე, ქალებისთვისაც არის და კაცებისთვისაც“, – განაცხადა დოლიძემ.

დოლიძის განცხადებას რეპლიკით გამოეხმაურა საბჭოს წევრი ვასილ მშვენიერაძე.

„უკაცრავად, მაგრამ ზომები იციდით?! მე, მაგალითად 44 ზომას ვიცვამ“, – მიმართა რეპლიკით მშვენიერაძემ.

საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა კი დოლიძე და ჯანეზაშვილი „დავალების შესრულებასა და სასამართლოს დისკრედიტაციაში“ დაადანაშაულა.

დოლიძეს უპასუხა საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, დიმიტრი გვირიტიშვილმა და განაცხადა, რომ ვინაიდან იუსტიციის საბჭოში გვიანობამდე მიმდინარეობს გასაუბრებები, როგორც ამ გასაუბრების წარმმართველი პირი, შუამდგომლობას წარუდგენს საბჭოს მდივანს, რომ ზეგანაკვეთური მუშაობის გამო, საბჭოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს დანამატი განესაზღვროთ. მისი თქმით, აღნიშნული შრომა კომპენსირებული იქნება.

ცნობისთვის: გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა პროტესტის ნიშნად სამჯერ დატოვეს.   

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp