გია ხუხაშვილი: "ხაზარაძის საქმეს სამი განზომილება აქვს"

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთვის ბრალის წარდგენას ეხმიანება და აცხადებს, რომ პოლიტიკურ ბაზარზე ხაზარაძის გამოჩენა მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად, ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.

მისი თქმით, ხაზარაძის საქმეს სამი განზომილება აქვს. 

“ხაზარაძის საქმეს აქვს სამი განზომილება:

1. პოლიტიკური

ა) გრძელვადიანი – ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ ბაზარზე მთლიანად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად, ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია;

ბ) მოკლევადიანი, ტაქტიკური – რუსთავი-2-ის პრობლემების და ოქრუაშვილის სკანდალური განცხადებებიდან ყურადღების გადატანა, გადაფარვა.

2. ანაკლიის კონსორციუმმა საბოლოოდ “დალია ჩაილურის წყალი”

3. სამართლებრივი – “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე” დავა შეიძლება ორ შემთხვევაში. თუ საქმე გვაქვს შავი ფულის გათეთრებასთან, რაც ამ შემთხვევაში სრული აბსურდია. ან, თუ ფული მოიპარე და მიითვისე. მეორე შემთხვევაში უნდა არსებობდეს დაზარალებული. თუ ის არ არსებობს, ესეც აბსურდია. ველოდებით მომჩივანი დაზარალებულის გამოჩენას…”, – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ TBC–ს დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიესა და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სსკ–ის 194–ე მუხლის  მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. 

აღნიშნული ქმედება ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა, ან ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას. 

ბრალდების დადგენილებას ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს 17:00 საათზე ჩაიბარებენ. ამასთან პროკურატურა სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, თუმცა ბრალდების მხარეს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ სახეს მოითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაციას ეხება, რომელზეც გამოძიება გასული წლის აგვისტოში დაიწყო.  მედიაში ინფორმაციის გაჟღერებას, რომლის წყაროდაც პროკურატურა სახელდება, პრობლემები შეუქმნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საქმეს: მოგეხსენებათ, ანაკლიის განვითარების კონცორციუმს პორტის მშენებლობისთვის თანხები ჰქონდა მოზიდული და 2019 წლის მაისში ან ივნისში უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულებები, თუმცა ფულის გათეთრების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებამ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, კითხვები გაუჩინა დამფინანსებლებს და მათ სახელმწიფოსგან რიგი გარანტიები მოითხოვეს, რის შესახებაც შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. რიგი კომენტატორები პროცესის უკან სწორედ ანაკლიის პორტის საკითხს ხედავენ. მათი განმარტებით, პორტის მშენებლობა არ შედის რიგი მეზობელი ქვეყნების, უპირველესად, რუსეთის ინტერესებში. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ელის პროექტს. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა და გავრცელდა ინფორმაცია მისი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის თაობაზე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp