20 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს

20 არასამთავრობო ორგანიზაცია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მათ წარმომადგენლებს სთხოვენ, მონიტორინგის ქვეშ აიყვანონ „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ მიმდინარე პეროცესები, რათა შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები.


„გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით, მედიასფეროს ექსპერტებით და მფლობელის მიერ წარდგენილი პირებით დაკომპლექტდებოდა. აღნიშნული საბჭოს მთავარი მიზანი ახალ რეალობაში ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევებისგან დაცვა იყო. ჟურნალისტების აღნიშნული ინიციატივა ახალმა მფლობელმა არ გაიზიარა და სანაცვლოდ არც ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი შესთავაზა მათ. აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი მენეჯმენტის განცხადებით, არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ. ზუსტად ამის გამო, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ეს ფაქტი გამოიყენოს ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საბაბად, არხიდან გაუშვას არასასურველი ჟურნალისტები და ამ გზით შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ცნობისათვის, სასამართლო დავის პერიოდში, კომპანიას ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა, მათ შორის ყადაღის გამო, თუმცა ტელევიზიის მენეჯმენტი მაინც ახერხებდა არხის მაუწყებლობის შენარჩუნებას.


ხელმომწერი ორგანიზაციები გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები“, - აღნიშნულია სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp