თალაკვაძე გამორიცხავს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებთან რაიმე კავშირი ჰქონდეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გამორიცხავს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბრალის წარდგენას რაიმე კავშირი ჰქონდეს საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებ ხაზარაძის განცხადებასთან. 


თალაკვაძის თქმით, ხაზარაძემ პოლიტიკური გეგმები ერთი კვირის წინ დააანონსა, თანხების გათეთრების საქმეზე კი გაცილებით ადრე დაიწყო გამოძიება. 


“უკვე თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე. შესაბამისად, ეს დროში ნამდვილად წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. 


როგორც გითხარით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამიტომ, მივესალმებით პროკურატურის მხრიდან საჯაროობას; მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში, ბრიფინგებით და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება საქმესთან დაკავშირებით. 


რაც შეეხება პარლამენტს, როგორც გითხარით, პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს და აუცილებლად, მის ამოწურვამდე, მონიტორინგის ქვეშ იქნება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

24 ივლისს ცნობილი გახდა, რომ TBC–ს დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიესა და მამუკა ხაზარაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სსკ–ის 194–ე მუხლის  მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. 

აღნიშნული ქმედება ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა, ან ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობას. 

ბრალდების დადგენილებას ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს 17:00 საათზე ჩაიბარებენ. ამასთან პროკურატურა სასამართლოს მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, თუმცა ბრალდების მხარეს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ სახეს მოითხოვს. 

შეგახსენებთ, რომ საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაციას ეხება, რომელზეც გამოძიება გასული წლის აგვისტოში დაიწყო.  მედიაში ინფორმაციის გაჟღერებას, რომლის წყაროდაც პროკურატურა სახელდება, პრობლემები შეუქმნა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საქმეს: მოგეხსენებათ, ანაკლიის განვითარების კონცორციუმს პორტის მშენებლობისთვის თანხები ჰქონდა მოზიდული და 2019 წლის მაისში ან ივნისში უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულებები, თუმცა ფულის გათეთრების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებამ ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, კითხვები გაუჩინა დამფინანსებლებს და მათ სახელმწიფოსგან რიგი გარანტიები მოითხოვეს, რის შესახებაც შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა. რიგი კომენტატორები პროცესის უკან სწორედ ანაკლიის პორტის საკითხს ხედავენ. მათი განმარტებით, პორტის მშენებლობა არ შედის რიგი მეზობელი ქვეყნების, უპირველესად, რუსეთის ინტერესებში. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა ბედი ელის პროექტს. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა დააანონსა და გავრცელდა ინფორმაცია მისი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის თაობაზე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსთავი 2"–ის 60%–იანი წილი დაყადაღდა