სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე.

"ჩვენ მიმოვიხილეთ საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულება და ამასთან ერთად, დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ გადასინჯა ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მართლზომიერების საკითხი. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და პოზიცია ბრალდებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დატოვა. დანაშაული 13- დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ. 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp