კახა კალაძე: "ოქრუაშვილს თავად ოქრუაშვილმა ესროლა"

ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, თავად ოქრუაშვილმა ესროლა, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას.

2016 წელს განხორციელებულ თავდასხმასა და ოქრუაშვილის განცხადებაზე კითხვა კალაძეს ჟურნალისტებმა დაუსვეს.

"რეალურად სხვაგვარად მოხდა, ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე "ხამსამ" კი არა, ირაკლი ოქრუაშვილმა ესროლა და ამაზე ირაკლი ოქრუაშვილი მოგვიანებით ისაუბრებს,"- განაცხადა კალაძემ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2016 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა „რუსთავი 2“-ის საქმეს უკავშირდებოდა.

„2016 წელს, როდესაც მომთხოვეს „რუსთავი 2“-ის ამ დოკუმენტის მიხედვით უარი მეთქვა ჩემს პრეტენზიაზე და უარი მიიღეს ჩემგან, თქვენ გგონიათ, გორში ვიღაც „ხამსამ“ გაბედა და მესროლა? ღარიბაშვილს შევუთვალე, ამ საქმის უკან შენ იდექი-მეთქი და 15 წუთში დაფქვა, მე კი არა, კახა კალაძე იყოო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp