ეროვნული ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6.5 პროცენტზე ტოვებს. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 24 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.50 პროცენტს შეადგენს.

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი 1.3 პროცენტული პუნქტია და ამ ფაქტორს ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, 1.4 პროცენტია, რაც ასევე მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას.

2019 წლის პირველ ნახევარში საგარეო სექტორის გაუმჯობესება გაგრძელდა. თუმცა, მეორე კვარტალის ბოლოს საგარეო სექტორიდან მომდინარე დამატებითი რისკები გამოიკვეთა - კერძოდ, შემცირდა მოსალოდნელი ტურისტული შემოსავლები. ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი), განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 4 სექტემბერს გაიმართება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: უკვე ერთ თვეზე მეტია, ლარის კურსს გაუფასურების ტენდენცია აქვს. თუმცა დღეს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების რეკორდი მოხსნა.

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.95 ლარს გასცდა.

Bloomberg Markets-ის ვალუტის გაცვლითი კურსის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება ამ დროისთვის 2.91 ლარს შეადგენს. 

ოფიციალურ გაცვლით კურსს საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს საღამოს გამოაქვეყნებს. ბოლო მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი ოფიციალური კურსით 2.90 ლარადაა შეფასებული.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
აშშ–მა რუსულ კომპანიებს სანქციები გაუფათოვა