როუჰანი: „მზად ვართ სამართლიანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა დანებებისთვის“

ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, თეირანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

თუმცა პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია ვისთან მოლაპარაკებებს გულისხმობს.

„ჩვენ მზად ვართ სამართლიანობისა და პატიოსნების პრინციპზე დაფუძნებული მოლაპარაკებებისათვის, რათა გადავჭრათ არსებული პრობლემები. მაგრამ ამავე დროს, ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვართ მზად ისეთი მოლაპარაკებებისთვის, რომელიც დანებებას გულისხმობს“, – განაცხადა როუჰანმა.

შეგახსენებთ, რომ ირანს ბოლო პერიოდში ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა აშშ–სთან და დიდ ბრიტანეთთან. კერძოდ, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ნავთობტანკერი Stena Impero 19 ივლისს დააკავეს. მალევე გაავრცელეს ვერსია, რომ ტანკერის დაკავების მიზეზი თევსაჭერ გემთან ინციდენტი გახდა. თუმცა 21 ივლისს ირანულმა მხარემ უკვე ღიად განაცხადა, რომ ტანკერის დაკავება ბრიტანეთის მიერ ირანული ტანკერის დაკავების საპასუხოდ მოხდა.

რაც შეეხება აშშ–ირანის ურთიერთობას, ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც ვაშინგტონმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმება დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო და ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. 2018 წლის ნოემბერში ამერიკამ სანქციები აღუდგინა ირანს, რომელიც ასევე მოიცავს აკრძალვას ნავთობის შესყიდვაზე. მიმდინარე წლის მაისში კი ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. გარდა ამისა, აშშ-მა „ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. ცოტა ხნის წინ კი აშშ-მა რეგიონში ავიამზიდი,  სტრატეგიული ბომბდამშენები და დამატებით 1000 ჯარისკაცი განათავსა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp