"ყველამ მომილოცა, სამწუხაროდ, ივანიშვილმა არა"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან მილოცვა არ მიუღია.

“ყველამ მომილოცა, სამწუხაროდ, იმან [ივანიშვილმა]- არა", – განუცხადა ჟურნალისტებს ხალვაშმა.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp