რა ბედი ელის ანაკლიის პორტს – ხაზარაძის კომენტარი ბრალის წარდგენის შემდეგ

TBC– ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს არ სჯერ "ბიუროკრატების, რომლებიც ამბობენ, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესის". 


"არც ერთი მათგანის არ მჯერა, იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადააცილეს, ყველა ფიცს გადააცილეს მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ",– განაცხადა ხაზარაძემ პროკურატურაში ვიზიტისა და ბრალდების დადგენილების ჩაბარების შემდეგ. 


რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხს, ხაზარაძის თქმით, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან.


„რაც შეეხება ანაკლიას, 6 თვე დაგვჭირდა სტაბილიზაციისთვის, აქციონერებს და ინვესტორებს ეს დრო დასჭირდათ გასარკვევად, რომ არაფერი მსგავსი 12 წლის წინათ არ მომხდარა, რომელიც ჩვენს რეპუტაციას და საქმიანობას ხელს შეუშლიდა. ეს ჩვენ დავასტაბილურეთ, მოტრიალდნენ ინვესტორები, გავაფორმეთ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რომლებიც დღე-დღეზე უნდა წარგვედგინა სახელმწიფოსთვის და გუშინ იყო პირველი სიგნალი, როცა მინისტრმა თქვა, რომ პროგრესი არ გვაქვს, დღეს კი გამოდის პროკურატურა და ბრალს გვიყენებს. მე გეუბნებით, რომ ეს არის მიზანმიმართული ჩვენი მომავლის პროექტის მიმართ.


არც ერთი სიტყვის არ მჯერა ამ ბიუროკრატების, რომლებიც ამბობენ, რომ ანაკლია არის სახელმწიფო ინტერესის. არც ერთი მათგანის არ მჯერა, იმიტომ, რომ ყველა ზღვარს გადააცილეს, ყველა ფიცს გადააცილეს მათმა უპასუხისმგებლო და ორპირმა დამოკიდებულებამ ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ხდება, მაგრამ ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან - ანაკლია აუცილებლად აშენდება. ჩვენ ახლა ვფიქრობთ მექანიზმებზე, როგორ ჩავრთოთ საერთაშორისო პარტნიორები, რომ ეს ყველაფერი დავიცვათ. როგორც მოვიტანეთ აქამდე, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ეს ზღაპრები მინისტრების, რომლებიც ვერ ერკვევიან, ცემენტი როგორ გაარჩიონ ბეტონისგან, უნდა დამთავრდეს საქართველოში. არაპროფესიონალების დრო უნდა დამთავრდეს და დაიწყოს შენების და აღმშენებლობის დრო“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მანამდე კომენტარი გააკეთა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენდირექტორმა ლევან ახვლედიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "რაც არ უნდა ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ანაკლიის პორტს საფრთხე არ ემუქრება, ეს არასწორია!". 

"როდესაც მთავარი სპონსორის მიმართ არის წაყენებული ბრალი მეტყველებს საფრთხეზე. აქ არის ორი მნიშვნელოვანი საკითხი, საქართველოს ზოგადი საინვესტიციო გარემო და ეს უდიდესი პროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური თუ ზოგადი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესები ინვესტორებს კითხვებს უჩენს, ზემოქმედებას ახდენს მთავრობის მიმართ ნდობაზე და მართალია, ხელისუფლება აცხადებს, რომ მხარს უჭერს პროექტს, მისი ქმედებები საპირისპიროზე მეტყველებს.

ცნობისთვის: პროკურატურამ ჯაფარიძეს და ხაზარაძეს ფულის გათეთრების შესახებ წაუყენა ბრალი. ჯაფარიძე მიმდინარე პროცესს ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებს, რომელიც მისივე სეფასებით, მომავლის პროექტია. ბადრი ჯაფარიძემ კი ქმედება დევნის გაგრძელებად შეაფასა. 

„ეს დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ესაა პირადი დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება – ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

თავად ბრალის დადგენილებას პროკურატურის დაცინვა უწოდა ადვოკატმა მისი შინაარსიდან გამომდინარე. კერძოდ, ადვოკატის თქმით, დადგენილებაში წერია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ არა უკანონო შემოსავალი, არამედ ლეგალური ფული "გაათეთრეს". 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს