ბადრი ჯაფარიძე: "ბანკს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება"

TBC–ს დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენას მისი და მამუკა ხაზარაძის პირად დევნად აფასებს, რომელიც მისივე თქმით, უკვე ერთი წელია, გრძელდება. 

მისი თქმით, ეს დევნა ზიანს აყენებს, როგორც პროექტებს, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, ისე ქვეყანას.

„დევნა გრძელდება უკვე წელიწადია. სამწუხაროდ, ესაა პირადი დევნის გაგრძელება ჩემი და მამუკას მიმართ. ეს აყენებს უზარმაზარ ზიანს ქვეყანას, იმ პროექტებს, რომელშიც ჩვენ ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არც ერთი პროექტი არ შეფერხდეს. ჩვენ განვიხილავთ ყველა საჭირო ზომას, მათ შორის იმისთვის, რომ ბანკის აქციონერები იყვნენ მშვიდად, რომ ბანკს საფრთხე არ ემუქრება და ნამდვილად არ ემუქრება - ჩვენ შევეცდებით დავამშვიდოთ საინვესტიციო სამყარო, რომ არც ერთ ინსტიტუტს, სადაც ვართ, საფრთხე არ ემუქრება“,– განაცხადა ჯაფარიძემ ბრალდების დადგენილების ჩაბარების შემდეგ, რომელიც ჯაფარიძის და ხაზარაძის ადვოკატმა პროკურატურის დაცინვად შეაფასა.

ადვოკატის თქმით, დადგენილებას არაფერი აქვს საერთო გულის გათეთრებასთან, რადგან ბრალდების დადგენილებაში საუბარია TBC–ს ფულის გათეთრებაზე, რაც სამართლებრივი ნონსენსია.  

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.


პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვეს.  


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს