მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის ჯგუფის“ ხელმძღვანელ თანამდებობებს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ მფლობელი კომპანიის – „თიბისი ბანკის ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებს ტოვებენ.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ წერს.

„როგორც იცით, დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მძიმე შედეგი მიაყენა „თიბისი ბანკის“ აქციების ფასს. როგორც იანვარ-თებერალში, დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 %-ით გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად, ბანკის აქციონერებმა დღეს 130 მილიონი დოლარით იზარალეს. წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ჰქონდა.

ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ.

აქვე მინდა, შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98 %-ის ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. ჩვენ გვჯერა, რომ ინსტიტუტი, რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელებას.

სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!!!“ – წერს ხაზარაძე. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp