სპეცპროკურერი: "დონალდ ტრამპს შესაძლოა, ბრალი წარედგინოს"

სპეცპროკურორ რობერტ მიულერის განცხადებთ, მას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გაუმართლებია და შესაძლოა, პრეზიდენტს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდება წაუყენონ, როგორც კი ის თავის თანამდებობას დატოვებს,– ამის შესახებ BBC–ს ცნობით, მიულერმა აშშ-ს კონგრესში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.  

სპეცპროკურორ მიულერის ჯგუფი რუსეთის ჩარევის მცდელობებს ამერიკის არჩევნებში და ტრამპის გუნდის კავშირს რუსებთან ორი წლის განმავლობაში იძიებდა. მიულერმა მაისში გამოძიება დაამთავრა, იუსტიციის სამინისტროს 448 გვერდიანი ანგარიში გადასცა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე კომენტარს მეტი აღარ გააკეთებდა. თუმცა დემოკრატებმა მოსმენების დანიშვნას კონგრესში მაინც მიაღწიეს. რობერტ მიულერი 7 საათის განმავლობაში ჯერ იურიდიული კომიტეტის, შემდეგ კი დაზვერვის კომიტეტის კითხვებს პასუხობდა.

დაზვერვის კომიტეტში მოსმენებზე რობერტ მიულერმა გაიმეორა ის დასკვნა, რაც მოხსენებაშიც არის ასახული. მან დაადასტურა, რომ რუსეთი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში ერეოდა. მისი განცხადებით, „ეს რუსეთის ერთადერთი მცდელობა არ არის. ისინი აგრძელებენ ამას, ვიდრე ჩვენ აქ ვსხედვართ“.

სპეცპროკურორმა პირდაპირ განაცხადა, რომ რუსეთი ტრამპს ეხმარებოდა. რობერტ მიულერი არ ეთანხმება ტრამპის შეფასებას, რომ მოხსენებაში პრეზიდენტი გამართლებულია. მან თქვა, რომ პრეზიდენტი არ გაუმართლებია. მიულერს პრეზიდენტისთვის ბრალი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის თაობაზე მხოლოდ იმიტომ არ წაუყენებია, რომ მას ამის უფლებამოსილება არ ჰქონდა. ტრამპის წინასაარჩევნო გუნდის წევრები პრეზიდენტის დავალებით ყალბ ჩვენებებს იძლეოდნენ, რაც გამოძიებას ხელს უშლიდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp