გია ვოლსკი: "ეკონომიკური ზარალი უკვე თვალში საცემია"

ეკონომიკური ზარალი უკვე თვალში საცემია და ამ ზარალს განაპირობებს „მაოხრებელი გზირად“ წოდებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ კითხვას რუსეთიდან ფრენების სუბსიდირების შესახებ.

ვოლსკის განცხადებით, შექმნილი რეალობა ითხოვს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, რათა თავიდან იყოს აცილებული მცირე და საშუალო ბიზნესის კრახი, რომელთა წარმომადგენლებმაც საკმაოდ დიდი კრედიტები აიღეს, მოემზადნენ ტურისტული სეზონისათვის, რასაც “ნაცსექტის პოლიტიკამ სერიოზული დარტყმა მიაყენა“.

“ეს არის გამყოფი ხაზი. არის პოლიტიკა, რომელიც იმისკენ იყო მიმართული, როგორმე ქვეყნისთვის ეკონომიკური ზარალი მიეყენებინათ და რაც შეიძლება მეტი. არის პოლიტიკა, რომელსაც მხარს უჭერს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, რომელიც გულისხმობს დაბალანსებულ, პრაგმატულად გათვლილ პოლიტიკას, რათა ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკურად ნაკლები ზარალი მიიღოს. ეკონომიკური ზარალი უკვე თვალში საცემია. ამ ზარალს განაპირობებს ეს „მაოხრებელი გზირად“ წოდებული პოლიტიკური ძალა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რომლის პოლიტიკაა სწორი და მართებული - ეს 2020 წელს ამომრჩეველმა გადაწყვიტოს.

როდესაც ისეთი ვითარება იქმნება, როცა არ არის სტაბილური მდგომარეობა, ამას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. აქ ნათლად იკვეთება საქართველოს მიმართ ერთი მნიშვნელოვანი დამოკიდებულება - საქართველო არის სტაბილური ქვეყანა და სტაბილურ ქვეყანაში არავის არ უნდა შეექმნას საფრთხე ყოფნის, მოგზაურობის - რუსი ტურისტი იქნება, იტალიელი, თუ პოლონელი”, - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს.


დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად კი, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები ითვლება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა