შოიგუს მოადგილე: „ჯარის პოლიტიკისგან გამიჯნვა უდიდესი შეცდომაა“

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალ–პოლკოვნიკი ანდრეი კარტაპოლოვი ჯარის პოლიტიკისგან გამიჯნვას „ისტორიულ შეცდომად“ აფასებს და დარწმუნებულია, რომ „შეიარაღებული ძალები პოლიტიკური ინსტიტუტია“.

ეს მოსაზრებები შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო–პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა უწყების გამოცემა  „Красная звезда“–ში დაბეჭდილ სტატიაში დააფიქსირა.

მისივე აზრით, „სამხედროების პოლიტიკური ცნობიერების ფორმირების გარეშე უსაფრთხოების ამოცანების გადაჭრა შეუძლებელია“ და „უაღრესად მნიშვნელოვანია,  ჯარის სამხედრო–პოლიტიკური ორგანოები რუსეთის მოქალაქეების მასობრივ ცნობიერებაზე ზემოქმედების მექანიზმებს ფლობდნენ“.

ცნობისთვის: „თავდაცვის შესახებ“ რუსეთის კანონი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციების მოღვაწეობას და ჯარში ნებისმიერი პოლიტიკური პროპაგანდისა და აგიტაციის წარმოებას კრძალავს. მიუხედავად ამისა, 2018 წლის ივლისში რუსეთის არმიაში აღადგინეს სამხედრო–პოლიტიკური სამმართველო, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაჩნდა და პოლიტიკური პროპაგანდით იყო დაკავებული, სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა. აღდგენილ სამმართველოს ევალება, „ჯარისკაცებისგან აღზარდოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მეომრები, რომლებიც პატრიოტიზმისა და სულიერების ფასეულობების მატარებლები იქნებიან“, – აცხადებდა კარტაპოლოვი.   

კარტაპოლოვი ხსენებულ თანამდებობაზე დანიშნვამდე სირიაში რუსულ დაჯგუფებას ედგა სათავეში, სწორედ ის ხელმძღვანელობდა დასავლეთ სამხედრო ოლქს იმ პერიოდში, როდესაც უკრაინის ტერიტორიის თავზე მალაიზიური ბოინგი ჩამოაგდეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია