შსს-სა და თბილისის მერიის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები: რატომ არ აშლევინებენ მაჩალიკაშვილს კარავს

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ არის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. კერძოდ, მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველზე კარვის გაშლის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს, რის მიზეზადაც მათ, რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელეს. 

"თბილისის მერიას რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ აქვს. შესაძლოა, სამართალდამცველებმა იგულისხმეს მიმდინარე ტექნიკური სამუშაოები, რომელბიც მუდმივად ხორციელდება ქალაქის მასშტაბით. მალხაზ მაჩალიკაშვილს გამოხატვის თავისუფლება მინიჭებული აქვს კანონის ფარგლებში და ამას მას ვერავინ შეუზღუდავს. თუ ის იქნება კანონის ნორმებში დაცული", - განაცხადა ვიცე-მერმა. 

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობის წინ კარვის დადგმა ისევ სურს, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.

როგორც პარლამენტთან მყოფმა, საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმამ კახა ბუხრაძემ მაჩალიკაშვილს განუცხადა, „ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კარვის დადგმა, ვინადიდან, აღნიშნულ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება“.

თავად მაჩალიკაშვილი კარვის დადგმას გეგმავს. 

„11 თვის განმავლობაში ჩემი აქცია არ შეწყვეტილა დღე და ღამე. მითხარით, რატომ მოკალით ჩემი შვილი, თუ მოკალით, დამნაშავე იყო თუ არა? თუ იყო, დამიდეთ რამე ფაქტი, თუ არ იყო, აღიარეთ სახელმწიფომ დანაშაული. შიგნით საუბრობენ იმაზე, დიახ, ჩვენ დავაშავეთ, ეს იყო შეცდომა და მაჩალიკაშვილთან მოლაპარაკება უნდა შეგდესო. არავითარი მოლაპარაკება არ შედგება, სანამ არ იტყვიან, რომ მძინარე ბავშვი მოკლეს, რომ ამ დანაშაულის „გასაპრავებლად“ ის ბავშვი ტერორისტად გამოვაცხადეთო. ამას ვითხოვ 429 დღე-ღამეა. აქ რაც გამოვიარე, არავის ვუსურვებ“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარი შვილის მკვლელობის მოთხოვნით აქციას პარლამენტთან რამდენიმე თვეა, მართავს, მას კარავიც ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ მისი კარავი აიღეს. 


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს