რამდენი რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს სანქციის შემდეგ – „თიბისი რისერჩის“ კვლევა

მიმდინარე წლის 1-21 ივლისს საქართველოს 142 ათასი რუსი ვიზიტორი ეწვია, ივნისში კი  – 152 ათასი,– იუწყება ანალიტიკური კომპანია „თიბისი რისერჩი“, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების შეზღუდვის შედეგები  საკუთარ კვლევაში გაანალიზა. 

„თიბისი რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ავიამიმოსვლის აკრძალვამდე (1-7 ივლისს) ვიზიტორთა რაოდენობამ 50 030 შეადგინა, აკრძალვის შემდეგ (8-14 ივლისს) 41 423-მდე შემცირდა, აკრძალვიდან მეორე კვირაში (15-21 ივლისი) კი, ისევ გაიზარდა და 51 024 შეადგინა.

ამასთან, რუსი ვიზიტორების ძირითადი ნაწილი ქვეყანაში ლარსის საბაჟოს მეშვეობით ხვდება. ასევე, 15-21 ივლისის პერიოდში გაიზარდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობაც.

მთლიანობაში, რუსი ვიზიტორების შემოსვლა ივლისის პირველ კვირაში 4.1 პროცენტით იყო შემცირებული (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), მეორე კვირაში 21.4 პროცენტით, მესამე კვირაში კი, 13.5 პროცენტით.

ინფორმაცია ვიზიტორების შესახებ კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო.

იხილეთ ასევე: რამდენით შემცირდა სანქციების პირველ კვირაში საჰაერო გზით შემოსული რუსი ვიზიტორების რიცხვი

ცნობისთვის: რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის 600 000 ევრო გამოყო. მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს, მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით და პირიქით, ბილეთებს მგზავრზე მაქსიმუმ 90 ევროთი დააფინანსებს. დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება გაფორმდება ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფრენებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულებით შეასრულებს. ასეთ მიმართულებად კი, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაცია და ასევე, რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებები ითვლება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს