მარგველაშვილი – ოქრუაშვილის დაკავებაზე: "ეს ფორმა ნანახი გვაქვს!"

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, თუ სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის მანქანაში დაკავებისას ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოაჩინეს, ნებისმიერი დანარჩენი საკითხი კითხვებს დატოვებს. 

მარგველაშვილს მთავარ კითხვას დაკავების ფორმა უჩენს. მოგეხსენებათ, ოქრუაშვილი ცოტა ხნის წინ გზაში დააკავეს. ის თანაგუნდელებთან ერთად ასევე თანაგუნდელთან მიდიოდა, თუმცა გზაში გააჩერეს და დააკავეს.  

„პოლიტიკური ლიდერის დაკავება ყოველთვის ძალიან მაღალ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ის. დაკავების ფორმას შეხედეთ: ერთი თვის წინ რაღაც მოხდა, შესაძლოა, რაღაცას ედავებოდეს გამოიება, მაგრამ ქუჩიდან სპეციოპერაციით ისე აიყვანეს, თითქოს ადამიანი რაღაც ობიექტის ასაფეთქებლად მიდიოდა და მისი გაუვნებელყოფა მოხდა. დაიბარეს და არ მივიდა? ეს რა ფორმაა? ეს ფორმა ნაცნობია ჩვენთვის – ტელედაკავებები და ამ ფორმით საზოგადოებასთან საუბარი გავიარეთ. სამწუხაროდ, საზოგადოებას ესაუბრებიან პროკურორები და არა პოლიტიკოსები. დარჩა „ქართულ ოცნებაში“ ვინმე, ვისაც შეუძლია მწყობრი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება?... თუ პროკურატურა არ იტყვის, რომ ოქრუაშვილის მანქანაში აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებასაც აპირებდა, ყველაფერი დანარჩენი ჩემთვის მნიშვნელოვან კითხვებს ტოვებს“,– განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp