„მოგესალმებით, ივანიშვილის საბოლოოდ "აწყვეტასთან" დაკავშირებით"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების აქტს "ივანიშვილის საბოლოო აწყვეტას" უწოდებს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო–მიმართვაში საუბრობს. 

„მოგესალმებით, ივანიშვილის საბოლოოდ აწყვეტასთან დაკავშირებით. მან დღეს დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იყო მისი მთავარი ცრუ მოწმე ჩემს, მერაბიშვილის წინააღმდეგ და სხვა პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ ოქრუაშვილმა გადათქვა თავისი ჩვენება, სულ სხვა რამეების საუბარი დაიწყო და ღიად დაუპირისპირდა ივანიშვილს. მანამდე ნახეთ, რასაც აკეთებდა ხაზარაძეზე, ნახეთ დღეს რაც ქნეს ეკა კვესიტაძეზე. თუ მან 2012 წელს მოახდინა რეიდერული შეტევა და ხელისუფლების​რეიდერული ხელში ჩაგდება, ახლა ხდება თითოეული ქართველის ცხოვრების რეიდერული ხელში ჩაგდება. ეს არის ჩვეულებრივი "ბეზპრედელშიკი რეიდერი", რომელიც ბოლომდე ახდენს ქართული ცხოვრების ყველა ასპექტის მონოპოლიზაციას და ჯიბეში ჩაგდებას. ეს არის ტესტი ჩვენთის, ვართ თუ არა ერი, გვაქვს თუ არა თავმოყვარეობა, ღირსება, თუ ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის დასაჩაგრი, გასანადგურებელი. მე ვარ მზად საბრძოლველად, დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრია მზად საბრძოლველად და ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. ვინც ყვება ზღაპრებს, რომ თურმე ჩვენ ყველა ნორმა უნდა დავიცვათ, კანონის ყველა წესით უნდა ვიმოძრაოთ და ამან ყველაფერი უნდა დაარღვიოს, არის აბსოლუტურად სულელი და ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი, რადგან ყველა დიდი წარმატება დასავლეთში, ევროპულ ცივილიზაციაში, დემოკრატიაში ხდებოდა კონკრეტული ადამიანების მიერ არსებული წყობილების წინააღმდეგ, კონკრეტული ქმედებებით. რომ ეთქვა ყველა სამოქალაქო აქტივისტს – ჩვენ არა, ჩვენ მხოლოდ ტროტუარებზე ვიმოძრავებთ მხოლოდ, ყველა ბრძანებას შევასრულებთ პოლიციის, ყველაფერს დავემორჩილებით, მაშინ პროგრესი არ მოხდებოდა. ამას მხოლოდ ივანიშვილის ხალხი ამტკიცებს. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი ქმედებით, თითოეული ადამიანის, პიროვნებების შეკავშირებით შევძლებთ ამ უბედურების გადალახვას და დაძლევას. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ახლა ის ცდილობს, აგვისტოს ბოლომდე გააიასნოს ტელევიზიის საკითხი, მოწმინდოს მთლიანად პოლიტიკური ველი, ყველაფერი ჩაიგდოს ბოლომდე ხელში და ქვეყნის რეიდერული ​ხელში ჩაგდება დაასრულოს. არ გამოუვა! არ გამოგივა, ხიხო. არ გამოგივა ბეზპრედელშიკო“. შენი მმართველობა ძალიან სწრაფად დასრულდება. ძალიან აჩქარებ მოვლენებს და კარგი, რახან აჩქარებ, მაშინ გამოწვევა მიღებულია. ჩვენც დაგიჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე. აბა, თქვენ იცით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ჯგუფური ძალადობის ორგნიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. საქმე 20–21 ივნისის მოვლენებს ეხება.  

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის „აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“.

ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ „ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“. 

315–ე მუხლი სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების ძალადობით დამხობას გულისხმობს, თუმცა ამ ეპიზოდზე ბრალი არავის აქვს წარდგენილი. 

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp