რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

"გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი საკუტარ დაკავებას "რუსთავი 2"–ისთვის დავას უკავშირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულების შემდეგ განუცხადა. კერძოდ, ადვოკატი ოქრუაშვილზე დაყრდნობით ამბობს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ძალიან შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის თემით და არ იყო გამორიცხული ის ამბავი, რაც მოხდა". 

რაც შეეხება უშუალოდ სისხლის სამართლის საქმეს, ადვოკატის თქმით, ოქრუაშვილს ბრალი ოფიციალურად წარდგენილი არ აქვს და არც საქმის მტკიცებულებები მიუია დაცვის მხარეს:

„ჯერ ბრალდება არ აქვს წაყენებული და შესაბამისად, არც მასალები მიგვიღია. რასაც ახლა თვითონ ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი, დაკავებას პირდაპირ უკავშირებს მის გააქტიურებას „რუსთავი-2“-თან, მხოლოდ და მხოლოდ მასთან და სხვა არაფერთან. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ის თემით და არ იყო გამორიცხული ეს ამბავი, რაც ახლა მოხდა. იმ კადრში [შსს–ს მიერ გავრცელებული] თვითონ რაც ნახა, (მე არ მინახავს), 500-მდე ადამიანი ჩანს, რომლებიც აქეთ-იქიდან ჭიდაობენ და მათ შორის არის ირაკლი ოქრუაშვილი, ეგ არის და ეგ, ისიც იყო იმ მიტინგზე. აბსურდი და სისულელე არის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქციის. რითი ადასტურებენ, ჯერ არ ვიცით, ვიდეოც აქვთ თუ სხვა რამეც. ალბათ სპეცრაზმელების ჩვენებებიც იქნება“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგნიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. საქმე 20–21 ივნისის მოვლენებს ეხება. ამ ეპიზოდზე გამოკითხვაზე გუბაზ სანიკიძეც დაიბარეს.  

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის „აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“.

ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ „ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“. 

315–ე მუხლი სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების ძალადობით დამხობას გულისხმობს, თუმცა ამ ეპიზოდზე ბრალი არავის აქვს წარდგენილი. 

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა