ბესელიას განცხადებით, კვირიკაშვილის დროს გამართულ “ოცნების” შეკრებაზე "ანაკლიის პროექტის მიმართ უარყოფითი განწყობა დაფიქსირდა"

დეპუტატი ეკა ბესელია ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” შეკრებაზე, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, ანაკლიის პორტი ნეგატიურ კონტექსტში ახსენეს. 

“მე ახლა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დახურული შეხვედრა იყო, მაგრამ ის, რომ კრიტიკული და უარყოფითი განწყობა გამოჩნდა ამ პროექტისა და მათ შორის, ამ პროექტის სათავეში მყოფი მამუკა ხაზარაძის მიმართ, არა მარტო იმ შეხვედრაზე გამოჩნდა, არამედ შემდგომში საჯაროდაც”, – განაცხადა ეკა ბესელია გადაცემა “რეაქციაში” სტუმრობისას.

თუმცა, ბესელიამ დეტალებზე არ ისაუბრა და არ უთქვამს, რომ ანაკლიის პროექტის გამო გააკრიტიკეს კვირიკაშვილი. 

“არ მინდა დეტალებში შესვლა”, – განაცხადა მმართველი პარტიის ყოფილმა დეპუტატმა. 

ცნობისთვის: 2018 წელს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას წინ უსწრებდა მმართველი პარტიის “ქართული ოცნება” დეპუტატების, იმჟამინდელი პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა. 

შეხვედრიდან გამოსული “ქართული ოცნების” დეპუტატები ამბობდნენ, რომ საქართველოში სიღარიბის თაობაზე “იუნისეფის”  მიერ გამოქვეყნებული კვლევის განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი გადადგა და ცხადი გახდა, რომ  არა “იუნისეფის” კვლევაზე, არამედ საკადრო ცვლილებებზე საუბრობდნენ. მაშინვე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობა, რომ ივანიშვილი მკაცრად ესაუბრა კვირიკაშვილს ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით და ივანიშვილ-კვირიკაშვილის დაპირისპირების მთავარი მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტი გახდა. 

“ქართული ოცნების” წევრები დღემდე არ ადასტურებენ, რომ კვირიკაშვილით ივანიშვილის უკმაყოფილების მიზეზი სწორედ ანაკლიის პორტი იყო. 

სწორედ ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს მის წინააღმდეგ ბრალის წარდგენას "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა