"ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი"

ანაკლიის პროექტს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს თავისი ტრანზიტული პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას.

"აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ანაკლიის პროექტის რეალიზაცია აუცილებად უნდა მოხდეს და მოხდება. მე ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა, განვაცხადო და ყველას მოვუწოდო, მეგობრებო, ნუ ცდილობთ, ეს თემები დაუკავშიროთ ერთმანეთს. სწორედ იმ ადამიანების ინტერესშია, ვისაც არ სურს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს, რომ ამ ყველა თემის დაკავშირება მოხდეს ანაკლიის პროექტთან. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა გამოცხადებული ამ პროექტზე. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, იქნებოდა ეს ფინანსური ვალდებულების აღება, იქნებოდა ეს ინვესტიციების განხორციელება იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც აუცილებელია, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, იქნება ეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp