"აშშ-ის საელჩოს მიერ ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისეთი სულისკვეთებაა, როგორიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს"

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მიერ  ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ისეთი სულისკვეთებაა, როგორიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს.

"რაც შეეხება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს საელჩოს განცხადებას, ამ განცხადებაში არის ისეთი სულისკვეთება, როგორიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს - რა თქმა უნდა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი და გამჭვირვალე სასამართლო პროცესი და ეს ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო - საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები, ამ პროცესის ირგვლივ, როგორც სხვა პროცესის მიმართ არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იხილეთ ასევე: აშშ-ის საელჩო ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე:"შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით"

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp