ბახტაძე – ოქრუაშვილის დაკავებაზე: "კანონის წინაშე ყველა თანასწორია"

საქართველოს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების ფაქტს ემიანება და აცხადებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"ოპოზიციის უპასუხისმგებლო ნაწილი მუდმივად ცდილობს, რომ გააჩინოს კითხვის ნიშნები ყველაფრის გარშემო.არსებობს ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იყო ნათელი, ელემენტარულად, ეს კადრებში ჩანს ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია. მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ამიტომ მე თავს შევიკავებ შინაარსობრივი შეფასებისგან. ფაქტი არის შემდეგი, რომ საქართველოში არსებობს სამართლიანი და ობიექტური მართლმსაჯულება და ნდობის ხარისხი არის ძალიან მაღალი ამ პროცესების მისამართით. საქართველოში, სამწუხაროდ, არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა პროცესისგან ცდილობენ დაიწერონ პოლიტიკური ქულები, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვყავს ძლიერი საზოგადოება, რომელიც ობიექტურად აფასებს ყველაფერს. კანონის წინაშე ყველა ვართ თანაბარი, ეს არის პრინციპი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და ამ პრინციპიდან გადახვევა არ შეიძლება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით გუშინ დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 - დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp