საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია "თიბისი ბანკის ჯგუფთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) "თიბისი ბანკის ჯგუფის" შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ;

"საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ინფორმირებულია თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების და თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივესალმებით თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მთელი ყურადღება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს დაუთმონ. თიბისი ბანკს წამყვანი როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში და ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან. IFC იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წელს თიბისი ბანკის აქციონერი გახდა და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ თიბისი ბანკის ჯგუფის მხარდაჭერას. საბანკო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია განვაგრძოთ ფინანსური სექტორის განვითარების და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა”, -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp