გადასახადის გადამხდელთა კავშირი პარლამენტში „ხაზარაძე-ჯაფარიძის" საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

გადასახადის გადამხდელთა კავშირი "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტში შეიქმნას "ხაზარაძე-ჯაფარიძის" საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

„ბოლო თვეების განმავლობაში, თვალს ვადევნებთ ჩვენი წევრი კომპანიების, „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც საგრძნობი ზიანი მიაყენა ორივე კომპანიის საქმიან იმიჯს. ბანკის აქციები პერიოდულად უფასურდება, პორტის მშენებლობა კი, ჩიხშია შესული. ამავე დროს, ყველასთვის ნათელია ანაკლიის პორტის განსაკუთრებული საერთაშორისო მნიშვნელობა, რომელიც დიდი ხანია გასცდა რიგითი ბიზნეს-პროექტის ჩარჩოებს, შეიძინა საერთო ეროვნული მისია და სპეციალური ჩანაწერითაც დაფიქსირდა კონსტიტუციაში.

ჩვენ თავის დროზე გამოვთქვით შეშფოთება საგამოძიებო სტრუქტურებიდან ჯერ კიდევ გამოუძიებელი საქმის შესახებ ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა სახელმწიფო უწყებების ობიექტურობასთან დაკავშირებით. როგორც იმჟამინდელმა, ისე, ბოლო დღეების განცხადებებმა პარტნიორი ქვეყნების საელჩოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა თუ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან, დაგვარწმუნა, რომ აღნიშნულ ეჭვებს ბევრი იზიარებს და სახელმწიფო სამართალდამცავი უწყებების მიმართ ნდობა დღითიდღე მცირდება.

ამ სიტუაციაში მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნას "ხაზარაძე-ჯაფარიძის" საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს. დიდი მნიშვნელობა აქვს გამოძიების მოკლე დროში დასრულებასაც.

ცხადია, რომ ობიექტური გამოძიების შემთხვევაში, სიმართლე, ადრე თუ გვიან, მაინც დადგინდება. თუმცა ფაქტია, რომ ამ პროცესმა უკვე დააზიანა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტი და ბიზნეს-ჯგუფი, არამედ მთლიანად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ამ ზიანის შესაძლო მასშტაბები, გრძელვადიან პერიოდში, სათანადოდ უნდა შევაფასოთ.

შევთანხმდეთ, რომ ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება, რისი მიიღწევაც შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით,ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს