"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე": "ხალვაში არ უნდა ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში და ამის შესასრულებლად სანდო გარანტიები უნდა წარუდგინოს საკუთარ თანამშრომლებს"

პრესის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებულ  მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ არხის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში არ უნდა ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში და ამის შესასრულებლად სანდო გარანტიები უნდა წარუდგინოს საკუთარ თანამშრომლებს.

ამის შესახებ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა იოჰან ბირმა "ამერიკის ხმასთან საუნრისას განაცხადა.

– ბატონო იოჰან, როგორ შეაფასებდით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით?

– ჩვენ ბევრს ვერაფერს ვიტყვით რუსთავი 2-ის მფლობელობაზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი საფიქრალია, პოტენციური შედეგები ქართულ მედია პლურალიზმზე.

– ქიბარ ხალვაშმა პირობა დადო, რომ არ ჩაერევა არხის სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა, ჟურნალისტები, ვისაც მასთან უმუშავიათ ამბობენ, რომ სწორედ ის განსაზღვრავდა არხის პოლიტიკას „რუსთავი 2“-ის მფლობელობისას. გჯერათ თუ არა, რომ ხალვაში პირობას შეასრულებს?

– მთელი სერიოზულობით მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, რომ შეასრულოს თავისი დაპირებები. მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა.

– რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება?

– "რუსთავი2" -ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან რუსთავი 2 არის გამონაკლისი მაშინ, როდესაც პრო-სახელისუფლებლო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე. ამიტომაც, ამის [სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა] თავიდან აცილება უნდა მოხდეს.

– როგორ ფიქრობთ, რისი გაკეთება შეიძლება საქართველოში მედია-გარემოს გასაუმჯობესებლად?

– მოკლევადიან პერსპექტივაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული პრო-სახელისუფლებლო და ოპოზიცურ სატელევიზიო არხებს შორის, რათა არსებობდეს პლურალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩატარდეს რეფორმები, რაც შეამცირებს მედია მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე საქართველოში. პროცესში სანდო სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, რათა ჟურნალისტები ამ ტიპის ჩარევებისგან დაცულები იყვნენ და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკით იმოქმედონ.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს